ყვითელ ავტობუსებზე ინსპექტირების ყალბ დასკვნებს გასცემდნენ – რა პასუხი აქვს ქალაქის ხელმძღვანელობას

ყვითელ ავტობუსებზე ინსპექტირების ყალბ დასკვნებს გასცემდნენ – რა პასუხი აქვს ქალაქის ხელმძღვანელობას

183
გაზიარება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება–გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. ყვითელ სამგზავრო ავტობუსებზე ყალბი დადებითი დასკვნები გაიცემოდა.
როგორც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ “რუსთავი 2”-თან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, ბევრი ყვითელი ავტობუსი, რომლის გადაადგილებაც არ შეიძლება, გაჩერებულია.
“ის ავტობუსები, რომლებიც მოძრაობენ, მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, თუმცა მათი არსებობა ყველანაირი თვალსაზრისით მიუღებელია. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება – გვინდა, წლის ბოლომდე მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტოპარკი და ეს პროცესი დაწყებულია.” – აღნიშნა კალაძემ.
იმავე პოზიციას გამოხატავს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, რომელიც განმარტავს, რომ, მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ტექდათვალიერების განმახორციელებელ კომპანიას ეკისრება.
“ჩვენი ბაზის ავტობუსებს, რომლებსაც ტექინსპექტირების დრო უწევთ, ვაგზავნით შესაბამის კომპანიაში, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია. მისი ვალდებულებაა, ჩაუტაროს ავტომობილს ტექინსპექტირება და მისცეს შესაბამისი საბუთი. თუ დასკვნა სწორი არ არის, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ამაზე პასუხსაც აგებენ. ჩვენ მიერ გაგზავნილი ავტობუსებიდან ისინი, რომლებზეც ტექინსპექტირების დოკუმენტი არ გაიცა, გავაჩერეთ.” – აცხადებს მუმლაძე.

კომენტარი