ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს – როგორია გენგეგმის ჯგუფის პოზიცია

ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს – როგორია გენგეგმის ჯგუფის პოზიცია

441
გაზიარება

თბილისის ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს. ეს ინიციატივა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ შექმნილ თემატურ ჯგუფს ეკუთვნის, რომლის რეკომენდაციებიც გარემოს დაცვის კომიტეტმა გაასაჯაროვა. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა, სხვა ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად, სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობაზეა საუბარი.
“თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომლებიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი”, — ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულ ანგარიშში, გარდა ზემოთქმულისა, წარმოდგენილია ის ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ უნდა განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიკეტოს და მხოლოდ ქვეითთათვის გაიხსნას.
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის ჯგუფი ამ ინიციატივას მიესალმება. როგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას აღნიშნავს, ქალაქის მთავარ დოკუმენტს აქვს მსგავსი შინაარსის ინიციატივა, რომელიც ავტოსატრანსპორტო მოძრაობისგან ისტორიული ცენტრის გამოთავისუფლებას გულისხმობს.
,,თავად მიდგომა, რა თქმა უნდა, მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია. ამაზე ფიქრი, ურბანისტების მხრიდან, დიდი ხანია, დაწყებულია. ეს საკითხი ფიგურირებს თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაშიც. ამავე დროს, საკითხი საკმაოდ კომპლექსური და რთულია, რადგანაც უამრავი ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. ამ პრობლემის პროფესიონალურ გააზრებასა და რეალურად განხორციელებას მნიშვნელოვნად წაადგება ის სატრანსპორტო კვლევები, რომლებიც, თბილისის მერიის დაკვეთით, ან უკვე ხორციელდება, ან მათზე ტენდერია გამოცხადებული. პირველი, ეს არის სატრანსპორტო მოდელირების დოკუმენტი და მეორე, სატრანსპორტო მასტერპლანი, რომელიც უნდა შემუშავდეს, მათ შორის, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის რეკომენდაციების საფუძველზე. ამგვარი გადაწყვეტის მიღებისას ყურადსაღებია პარკირებისა და სამოსახლო საკითხი, რათა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას და გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები. თუ ზემო და ქვემო კალაში, სოლოლაკში და ისტორიული ქალაქის სხვა ნაწილებში სატვირთო მანქანები და ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ იმოძრავებენ, ეს, ბუნებრივია, ძალიან კარგი და სწორი მიდგომაა. ისტორიული უბნების ძალიან ბევრ ქუჩაზე, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, სადაც ამორტიზებული და ავარიული შენობებია, მანქანებით გადაადგილება რა სახის საფრთხეებსაც იწვევს, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ამავე დროს, ეს ტურისტული უბნებიცაა, სადაც, ინტენსიური ავტოსატრანსპორტო მოძრაობის გამო, ჩვენი ქალაქის სტუმრებს ფეხით გადაადგილება უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, უსაფრთოების ნორმების დარღვევაც ხშირია, რაც ხშირად ავარიულ სიტუაციებს იწვევს.“ – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი