რა ვქნათ, თუ კერძო პირები თავისუფალ სადგომზე პარკირების ნებას არ გვაძლევენ?

რა ვქნათ, თუ კერძო პირები თავისუფალ სადგომზე პარკირების ნებას არ გვაძლევენ?

394
გაზიარება

არც თუ ისე იშვიათად ხდება, რომ საკუთარი ავტომობილით ქალაქში გადაადგილებისას თავისუფალ საპარკინგე ადგილს ვხედავთ, მაგრამ იქ გაჩერების საშუალებას არ გვაძლევენ. მაგალითად, თუ ფილარმონიასთან, თავისუფალ სადგომზე ავტომობილის გაჩერებას დააპირებთ, იქ მომუშავე “სტაიანშიკი” გეტყვით, რომ ამ ადგილას მხოლოდ ფილამონიის თანამშრომლები აჩერებენ და თქვენ მანქანას ვერ დააპარკინგებთ. შესაძლოა, წერეთლის გამზირზე, “მეგალაინის” მიმდებარედ მოგინდეთ დაპარკინგება და სადგომზე გაჩერების ნება იქვე გამოტანილი, გასაყიდი პროდუქციის პატრონმა არ მოგცეთ ან მეტიც, უშუალოდ საპარკინგე ადგილას გასაყიდად დალაგებული ავტომობილის საბურავები დაგხვდეთ. არც თუ იშვიათად იკავებენ საპარკინგე ადგილებს სასტუმროები, რომლებიც საკუთარ ბანერებს დგამენ იქ, სადაც მძღოლებმა ავტომობილები უნდა გააჩერონ. ამ პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ ჭავჭავაძეზე, მარჯანიშვილზე და ქალაქის სხვა ქუჩებზე.
თუკი ჩვენი ავტომობილის პარკირების “ამკრძალავ” პიროვნებას კონკრეტული საპარკინგე ადგილის საკუთრებაში ქონის ცნობას მოსთხოვთ, რა თქმა უნდა, ის თქვენს “ცნობისმოყვარეობას” ვერ დააკმაყოფილებს, რადგან ნებისმიერი მსგავი საპარკინგე ადგილი საერთო სარგებლობისაა მისი მითვისება კანონდარღვევაა.
ეს პრობლემა არახალია. ადრე მსგავს სიტუაციებში თუ რეაგირებისთვის “სითი პარკს” მიმართავდით, კომპანია, მაღალი ალბათობით, საპატრულო პოლიციაში გადაგამისამართებდათ, საპატრულო პოლიცია კი, ისევ “სითი პარკში”. უკვე წელიწადზე მეტია, რაც საპარკინგე ადგილების ადმინისტრირება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეროგატივაა, თუმცა ქალაქში ამ პრობლემას ისევ ვაწყდებით.
აღსანიშავია ერთი გარემოებაც: ახლო მომავალში, როდესაც პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება, მოქალაქეები საკუთარი სამუშაო ლოკაციის მიმდებარედ საპარკინგე ადგილს მთელი დღით ვერ დაიკავებენ ან საამისოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, თუმცა რა უნდა ვქნათ მანამ, სანამ სისტემა შეიცვლება?
როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ყოველივე ზემოაღნიშნული ნამდვილად კანონდარღვევაა და მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებისთვის პარკირების უფლების შეზღუდვა არც “სტაიანშიკს”, არც მოვაჭრეს და არც სასტუმროს ხელმძღვანელობას არ შეუძლია.
“თუკი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს თავისუფალ საპარკინგე ადგილას საკუთარი მანქანის გაჩერების უფლებას არ აძლევენ, მას შეუძლია, ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდეს, რის შემდეგაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ისპექტორი ადგილზე მივა და ვითარებას დაარეგულირებს. თუკი რომელიმე კერძო ობიექტს ფიზიკურად აქვს შეზღუდული პარკირება და საპარკინგე ადგილს თვითნებურად იკავებს, ამ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიმართოს მუნიციპალურ ინსპექციას, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს.” – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

კომენტარი