„როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ – ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში,107 -ე სკოლას ესტუმრა

„როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ – ევროპის ჩემპიონი ძალოსნობაში,107 -ე სკოლას ესტუმრა

118
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, დღეს სამგორის რაიონში მდებარე, თბილისის 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ირაკლი თურმანიძე და თბილისის მერიის წარმომადგენელი დავით არეშიძე მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ესაუბრა და სპორტულ აქტივობებში ჩართვისკენ მოუწოდა.
„ძალიან საინტერესოა ასეთი შეხვედრები, რომლებზეც საშუალება გვაქვს ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ჯანსაღ წესზე ვესაუბროთ. მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ჩაკვეტაძეს ამ საინტერესო ინიციატივისთვის. სპორტული აქტივობა, სწავლასთან ერთად, ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა იყოს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ აქტივობების და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სპორტული მიმართულებით მიმდინარეობს.
„ჩვენი კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონში გავმართეთ შეხვედრები სხვადასხვა სკოლებში. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რა ინტერესები აქვთ ბავშვებს და სპორტის რომელი სახეობა არის უფრო პოპულარული. ამის მიხედვით, შევძლებთ დავგეგმოთ აქტივობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ცნობილმა სპორტსმენმა, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ ბავშვებს საკუთარი გამოცდილების და სპორტული მიღწევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ლილოში მდებარე სპორტულ კომპლექსში საცურაო აუზი გაიხსნება. მოსწავლეებს საინტერესო კითხვები ჰქონდათ სპორტის სხვადასხვა სახეობების – რაგბის, ჩოგბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის და ჭადრაკის ბაზების, ასევე სპორტული მოედნების მშენებლობის შესახებ.
შეხვედრის ბოლოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეები კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე მიიწვია, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართება.

კომენტარი