ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია სრულდება – რამდენიმე დღეში მოძრაობა სრულად აღდგება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია სრულდება – რამდენიმე დღეში მოძრაობა სრულად აღდგება

468
გაზიარება

ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გალაქტიონ ბუაძემ განუმარტა, მომავალი კვირიდან ხიდზე მოძრაობაც აღდგება.
“რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. გზა, თითქმის, მთლიანადაა აღდგენილი. მოძრაობა, სავარაუდოდ, შემდეგი კვირის დასაწყისში სრულად აღდგება. დარჩენილი სამუშაოები, რომლებიც ქვევით გაგრძელდება, მოძრაობას ხელს არ შეუშლის.”- აცხადებს გალაქტიონ ბუაძე და აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი, რომელიც მაისის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო, ვადაზე ადრე სრულდება.
მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ის დაზიანებებიც აღმოაჩინეს, რომელთა შესახებაც სამუშაოების დაწყებამდე არ იყო ცნობილი, თუმცა ყველა პრობლემა უკვე მოგვარებულია.
“თავიდან ვვარაუდობდით, რომ საყრდენები მხოლოდ საბურთალოს მხარეს იყო დაზიანებული, თუმცა როდესაც ხიდი შესაბამისი  დომკრატებით აწიეს, ანალოგიური პრობლემა მეორე მხარესაც გამოჩნდა. ამის გამო, ორჯერ მეტი სამუშაოს შესრულება მოგვიწია, თუმცა ყველაფერი უკვე სრულად აღდგენილი და რეაბილიტირებულია.” – აცხადებს გალაქტიონ ბუაძე.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა  და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდი შემორჩა და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ახალი კონსტრუქცია, სავალი ნაწილი, სადეფორმაციო ნაკერები და რკინა-ბეტონის თვალამრიდები, რეაბილიტირდა გარე განათების ქსელი, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭები და დაზიანებული კედლები.
სამუშაოები, რომელთა ღირებულაც 2 მილიონ ლარზე მეტია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ შეასრულა.

კომენტარი