ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა

ბაღების საკვებით მომმარაგებელ კომპანია „ნილს“ მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა

164
გაზიარება

ბაგა-ბაღების საკვები პროდუქტებით მომარაგების პროცესში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, თბილისის მერია კომპანია „ნილთან“  ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაცდომებთან დაკავშირებით, „ნილს“ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, არაერთი გაფრთხილება და მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ვადაც მიეცა, თუმცა კომპანიამ ხარვეზის აღმოფხვრა  ვერ შეძლო.
ილია ელოშვილის განმარტებით, ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიწოდების მხრივ, შეფერხებას ადგილი არ ექნება და ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, შესყიდვებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ავტონომიურად განახორციელებენ.
„საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საკვებით მომარაგება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია.  კომპანია „ნილი“ საჯარო ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას ჩვენი ადმინისტრაციის მიერ შემოღებული და UNICEF-ის მიერ დადგენილი ყველა სტანდარტის დაცვით, ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა. შეიძლება ითქვას, რომ საკვების მიწოდება ამ ხნის განმავლობაში მიუხედავად მცირედი გადახვევებისა, ჯეროვნად ხორციელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში,  საკვები იყო ხარისხიანი  და შესაბამისად, კომპანიას მხარდაჭერას მუდმივად ვუცხადებდით. საკვების შემოწმება ხდებოდა სხვადასხვა ინსტანციის მიერ, როგორც მერიის შიდა აუდიტის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკრებულოს თუ ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მხრიდან. ამდენად, კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობას ბოლო პერიოდამდე წარმატებით ასრულებდა, რასაც ვერ ვიტყვით კომპანიის საქმიანობაზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
მერის მოადგილე განმარტავს, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ადგილი აქვს მუდმივ შეფერხებებს. კერძოდ, ხდება საკვების დაგვიანებით მიტანა, ასევე, საკვები, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებისთვის უხარისხო იყო.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში შიდა ნაშთების გამოყენებით და სააგენტოს ძალისხმევით, ბაღები ხარისხიანი საკვებით მარაგდებოდა.  ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ კომპანია „ნილს“ მივეცით გაფრთხილება, თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ისევ ანალოგიური მდგომარეობაა, კვლავ დაგვიანებით ხდება ბაღებში საკვების შეტანა და ხარვეზები გვაქვს. პარასკევს ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამგვარ რეჟიმში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანია „ნილს“ ხელშეკრულება შეუწყდეს. ამისთვის ყველანაირი კონტრაქტუალური საფუძველი გვაქვს. უახლოესი რამდენიმე დღის და შესაძლებელია, კვირის განმავლობაში, შესყიდვებს საჯარო ბაგა-ბაღები ავტონომიურად განახორციელებენ.  საკვები პროდუქტების მიწოდებისა და ხარისხის მხრივ, ამ პერიოდში, არანაირი შეფერხება არ იქნება,  ხოლო შემდგომში კომპანიის ჩანაცვლება მოხდება. საუბარია დარჩენილ  ორ თვეზე, სანამ საზაფხულო არდადეგები გამოცხადდება.  შესაბამისად,  ამ პერიოდში სხვა კომპანიით ჩანაცვლება მოხდება და უკვე მომავალი წლისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

კომენტარი