საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაცია – რა სიკეთეს მოუტანს პროექტი მოსახლეობას?

საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაცია – რა სიკეთეს მოუტანს პროექტი მოსახლეობას?

326
გაზიარება

მოქალაქე მარიამ მენაბდე დედაქალაქის ხელმძღვანელობას  საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციის პროექტს სთავაზობს. პროექტი „ხრუშჩოვკების“ სახეცვლილებას გულისხმობს. როგორც მარიამ მენაბდე თბილისის მერიის საიტზე – შენი იდეა ქალაქის მერს –  განთავსებულ წერილში განმარტავს, მსგავსი შენობების ფასადები ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ და თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
“ჩემ მიერ შემუშავებული პროექტი სრულიად მორგებული და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე, პროექტში გათვალისწინებულია არამარტო ფასადური რეკონსტრუქცია, არამედ ფუნქციური ცვლილებაც (თბომოდერნიზაცია, გამწვანება და ა.შ), რომელიც გააუმჯობესებს საცხოვრებელი პირობების სტანდარტებს და გარდა ამისა, მოაწესრიგებს ქალაქის ერთიან იერსახეს.” – აღნიშნავს იდეის ავტორი.
იერსახის მოწესრიგებასთან ერთად, სწორედ თბომოდერნიზაცია და გამწვანებაა, მარიამ მენაბდის აზრით, ის სარგებელი, რასაც, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქალაქი მიიღებს. კერძოდ,  თბოიზოლაციის პანელები და გამწვანება ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ორი ფაქტორი განაპირობებს იმ სარგებელსაც, რასაც, იდეის რეალიზებით, მოსახლეობა მიიღებს: ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გარდა, შემცირდება თბოდანაკარგი, პანელური სქემა არ დაარღვევს შენობის კონსტრუქციას (შესაბისად, მოსახლეობას ფასადის რეკონსტრუქციის პროცესში საცხოვრებლის დატოვება არ მოუწევს, რადგან ის უკვე არსებულ შენობაზე დამონტაჟდება) და მოდერნიზაციის შემდეგ შენობა დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მის რენტაბელურობას გაზრდის.
ამ იდეამ უკვე დააგროვა 2500-ზე მეტი ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მერია პროექტს განიხილავს. გადაწყდება თუ არა, რაიმე სახით, მისი რეალიზება, ეს უკვე შემდეგ გაირკვევა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია გადაწყვეტილი აქვს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს. “ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობემის თანახმად, უძრავი ქონება, დასრულებული სახით, მუნიციპალიტეტს, მაქსიმუმ, სამი წლის ვადაში უნდა გადაეცეს. სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში დაიწყება.
როგორც ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, საუბარია ვერკეთილში მდებარე 5 კორპუსზე. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ბასილაიას განმარტებით, „ვარკეთილი დიველოფმენთის“ მიერ მუნიციპალიტეტისათვის შემოთავაზებული ფართი, მინიმუმ, 7 500 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.
“ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის 30 იანვარს მეორედ გამოაცხადდა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მიზეზად, ბიზნესის მხრიდან, ინტერესის არქონა დასახელდა.
არსებული მონაცემებით, მთლიანად თბილისში, დაახლოებით, 512 “ხრუშოვკაა”, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ, დაახლოებით, 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავიათ. „ხრუშჩოვკები“, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში, ნაძალადევში და კრწანისში მდებარეობს.

კომენტარი