მამუკა სალუქვაძე: ისტორიულ არეალში მშენებლობაზე რეგულაციების შემოღება გადაუდებელი ამოცანაა

მამუკა სალუქვაძე: ისტორიულ არეალში მშენებლობაზე რეგულაციების შემოღება გადაუდებელი ამოცანაა

333
გაზიარება

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ მიესალმება თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტის პროექტის შემუშავებას და გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევს ქალაქის ისტორიულ არეალში სამშენებლო მიმართულებით, მთელი რიგი რეგულაციების შემოღებას. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, დააფიქსირა სპეციალისტთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათი საზღვრების ცვლილებებთან დაკავშირებით. მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმაში, განსხვავებით ადრე მოქმედი გენერალური გეგმისა, სრულიად სამართლიანად აისახა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაში, თბილისის ისტორიულ ნაწილთან მიმართებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ არეალში მოსალოდნელი ნებისმიერი გეგმარებითი და სარეკონსტრუქციო სახეცვლილების დროს, რელიეფის, არსებული ქუჩათა ქსელის და ისტორიულად ჩამოყალიბებული განაშენიანების თავისებურებების მაქსიმალურად გათვალისწინების საკითხს.
„თბილისის რელიეფის არაერთგვაროვნობიდან გამომდინარე, ბუნებრივი ტერასების სიმაღლეთა მონაცვლეობის გამო, მნიშვნელოვნად იზრდება ხედვის აღქმის მანძილები. ამიტომ ესა თუ ის უბანი და შენობების ჯგუფები აუცილებელია განვიხილოთ არა მარტო მათი ლოკალურ-კომპოზიციური გადაწყვეტიდან გამომდინარე, არამედ მათი როლით მთლიანად ქალაქის სილუეტში, როდესაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეს გარემოებები სპეციფიკურ თვისებებს იძენენ. ამასთან, ლანდშაფტური და მხატვრულ-არქიტექტურული მოცულობები ერთიანობაში წარმოგვიდგება.“- აღნიშნა „სითი კვირასთან“ საუბრისას „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ.
განახლებული გენგეგმის ავტორის აზრით, „გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზოგ შემთხვევაში, ამა თუ იმ შენობას შესაძლოა, არც კი ჰქონდეს მაღალი მხატვრული ღირებულება, თუმცა მთლიანობაში, სხვა ნაგებობებთან და ბუნებრივ ლანდშაფტთან ურთიერთკავშირში, ისინი ქმნიდნენ ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ ურბანულ კომპოზიციებს. ამგვარი ნაგებობები ხშირად ასრულებენ ამ ბუნებრივ-არქიტექტურული კომპოზიციების შემადგენელი ჯაჭვის აუცილებელი რგოლების ფუნქციას“.
მამუკა სალუქვაძე იმედოვნებს, რომ ახალი რეგლამენტი მართებულად განსაზღვრავს ისტორიულ ქალაქში ჩარევების ძირითად წესებს და პრინციპებს, მათ შორის, სიმაღლეებს, მოცულობებს, მასშტაბს, მორფოლოგიასა და იერსახეს, რაც სრულიად აუცილებელია თბილისის ისტორიული ნაწილის არასასურველი ზემოქმედებისაგან დაცვისა და მისი მდგრადი განვითარებისათვის.

კომენტარი