ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – „წიგნები საქართველოზე“ – გაიხსნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – „წიგნები საქართველოზე“ – გაიხსნება

104
გაზიარება

27 მაისს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში  გამოფენა – „წიგნები საქართველოზე“ – გაიმართება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის პავილიონში გამოფენილი 750-მდე უცხოენოვანი გამოცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა  გადასცა. ეს კოლექცია მოგვიანებით ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდში იქნება დაცული.
ამ ფონდის 300-ზე მეტი უცხოენოვანი გამოცემა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითაა გამოცემული. 30 ენაზე თარგმნილი 250-მდე ქართველი ავტორის შემოქმედება 155 უცხოელმა გამომცემელმა ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცა. მათ შორისაა ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის თარგმანები (პროზა, პოეზია, დოკუმენტალისტიკა, ილუსტრირებული წიგნები, Art Book-ები, საბავშვო/საყმაწვილო და სახელოვნებო ლიტერატურა), როგორც თანამედროვე, ისე ძველი ქართული ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია, ფოტოწიგნები, გამოცემები ქართულ კულინარიაზე, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე, ფოლკლორზე, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და სხვა.
კოლექცია ასევე მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დამოუკიდებელი უცხოელი გამომცემლების მიერ ქართული ლიტერატურისა და ზოგადად საქართველოზე გამოცემულ წიგნებს.

კომენტარი