გენგეგმის მორიგი წარმატება – თემქის ხევში პარკის მოსაწყობად ტენდერი ცხადდება

გენგეგმის მორიგი წარმატება – თემქის ხევში პარკის მოსაწყობად ტენდერი ცხადდება

907
გაზიარება

„გამა კონსალტინგმა“  თემქის ხევში სარეკრეაციო ზონის მოწყობასთან დაკავშირებული კვლევა დაასრულა. კვლევამ, რომელიც 75 ათასი ლარი დაჯდა,  დაადასტურა, რომ ხევში ტერასული პარკის  და ხელოვნური მდინარის მოწყობა შესაძლებელია. შესწავლილი იქნა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.
როგორც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, უკვე მზადაა სატენდერო დოკუმენტაცია და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. არსებული ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია მომავალი წლის პირველივე თვეებში დაიწყებს. ნაძალადევში, თემქაზე ახალი საქალაქო პარკი 10 ჰექტარზე მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ ეს კიდევ ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია იმ პროექტებს შორის, რომლებიც ქალაქს მიწათსარგებლობის ახალმა გენერალურმა გეგმამ შესთავაზა. „გამა კონსალტინგის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ კი თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინადადების რეალურობა დაამტკიცა.
როგორც “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტავს, თემქის ხევი, დაახლოებით, 20 ჰექტარს მოიცავს და როგორც ჩანს, მერიამ პროექტი 2 ეტაპად დაყო. პირველი ეტაპი სამუშაოების 10 ჰექტარზე ჩატარებას გულისხმობს.
გენგეგმის რეკომენდაციაა ხევში არსებული კოლექტორის გახსნაც, რისი წყალობითაც ტერიტორია ბუნებრივი ლანდშაფტის სახეს შეიძენს.

Capture

“სამუშაოების პროცესში გასათვალისწინებელია სივრცით-გეგმარებითი მოცემულობები. თემქის ხევი საცხოვრებელ მიკრორაიონებს შორის მდებარეობს და ის აუცილებლად საპარკო-რეკრეაციული ტერიტორიის სახით, დასვენებისა და გართობისთვისვის უნდა გამოვიყენოთ. შეიძლება, პარკი აქტიური და პასიური დასვენების სექტორებად დაიყოს და მათ სხვადასხვა ფუნქცია მიენიჭოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეთავაზებული პროექტები დაარეგულირებს. საინტერესო იქნება ის ტექნიკური დავალებაც, რომელსაც მერია ტენდერით დაინტერესებულ კომპანიებს შესთავაზებს. ფაქტი ერთა, ქალაქს დიდი, გამწვანებული სივრცე უნდა შეემატოს. ახლა სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.” – აცხადებს მამუკა სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ შეთავაზებულ პროექტებს საჯაროდ განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებაც ჩაერთვება.

 

კომენტარი