29 მაისს სამეცნიერო კონფერენცია – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” – გაიხსნება

29 მაისს სამეცნიერო კონფერენცია – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” – გაიხსნება

85
გაზიარება

29 მაისს, 10 საათზე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა” – გაიხსნება.
კონფერენციის გახსნის დღეს ბორჯომის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმისადმი მიძღვნილი V საიუბილეო, სამეცნიერო კონფერენციის კრებულის – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა V“ – პრეზენტაცია შედგება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მცხეთის მუზეუმის ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც უნდა მოეწყოს ახალი ექსპოზიცია. აქედან გამომდინარე, 2019 წლის სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება მცხეთას, დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს, მცხეთის ახალ მუზეუმსა და მის ექსპოზიციას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო მიმართულება ყოველწლიურად ატარებს სამეცნიერო კონფერენციას – „მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა”.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს, კულტურული მემკვიდრეობისა და მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
VI სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 29-30-31 მაისს. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულში – “მუზეუმი და კულტურული მემკვიდრეობა, VI”.
ტრადიციული სამეცნიერო კონფერენცია მიზნობრივი ხასიათისაა და ეძღვნება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ მუზეუმებს, მუზეუმ-ნაკრძალებს და, ზოგადად, სამუზეუმო საქმიანობასთან დაკავშირებულ თემატიკას.

კომენტარი