მეტროსადგურ “გოცირიძეს” გადააკეთებენ – რა რეკომენდაციები აქვს “ურბანულ ლაბორატორიას”

მეტროსადგურ “გოცირიძეს” გადააკეთებენ – რა რეკომენდაციები აქვს “ურბანულ ლაბორატორიას”

322
გაზიარება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია – რემონტზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  სადგურის  ღია ბაქანი ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი კონსტუქციით გდაიხურება. მოეწყობა ლიფტი შშმ პირებისათვის და დასაჯდომი ადგილები მგზავრებისათვის. დაგეგმილია მოსაცდელი და ამკრძალავი ზოლების მოწობაც.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად სატენდერო დოკუმენტაციაში 2 045 650 ლარია მითითებული. წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.
“ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და სადგურის გადაკეთების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, “გოცირიძე” არა მხოლოდ თბილისის, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასშტაბით, ხშირად მოჰყავდათ ერთ-ერთი ყველაზე არაკეთილმოწყობილი სადგურის მაგალითად. სადგური არაკომფორტულია, არ არის მოსაცდელები. არქიტექტურულად კი მას არავითარი ღირებულება არ გააჩნია.
“კონსტრუქციას სერიოზული პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა უამინდობის დროს ის არავითარ კომფორტს არ სთავაზობდა მგზავრებს. მიუხედავად იმისა, რომ “გოცირიძე” მგზავრებით ყველაზე ნაკლებად გადატვირთული სადგურია, ის მაინც საჭიროებდა გადახურვას და გადაკეთებას. მართალია, უფრო ლამაზი და უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა ახალი პროექტით, სადგური იმას ნამდვილად აჯობებს, რაც დღეს არის. მისასალმებელია, რომ შშმ პირებისთვის ლიფტის გაკეთებაც იგეგმება. იმედია, ამის შემდეგ სხვა სადგურების ეტაპობრივი ატაპტაციაც დაიწყება. ჯობდა, სხვა არქიტექტურული  პროექტებიც განეხილათ და შემდეგ გადაეწყვიტათ, თუმცა ფაქტია, რომ ახალი ძველს აჯობებს.
მოგეხსენებათ, “გოცირიძესთან” არის გადასასვლელი ხიდი, რომელიც წერეთლის გამზირამდე ჩამოდის. მგზავრების ნაწილი ამ ხიდით სარგებლობს. ხიდზე გადასასვლელად დღეს საჭიროა, ჩახვიდეთ “გოცირიძის” სადგურზე, ქვემოდან შემოუაროთ და აიროთ სადგურის ესტაკადის ქვეშ. გადაადგილება გაადვილდებოდა, თუ მოახერხებდნენ სადგურთან ხიდის პირდაპირ შეერთებას. თავის დროზე, როცა “გოცირიძის” სადგური აშენდა, ხიდი ისე გააკეთეს, რომ მგზავრს ბაქნიდან შეძლებოდა გადასვლა. უბრალოდ, იქ რთულია ტურნიკეტების ჩადგმა. ეს ამ პროექტში გათვალისწინებული არ არის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად არ გამოირიცხება სამომავლოდ ასეთი შეერთება. თუმცა, ფეხით მოსიარულეთა ხიდი, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, გარკვეულწილად, ავარიულია და შესაძლოა, აღნიშნული საკითხი ამის გამოც არ გადაწყდა. თანაც, ამ ხიდის ბედი გაურკვეველია. შესაძლოა, ის საერთოდ აიღონ.” – აღნიშავს გიორგი ბაბუნაშვილი.
მისივე განმარტებით, სამუშაოების პროცესში ქალაქის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი გარემოება უნდა გაითვალისწინოს: გოცირიძის სადგურის ბაქანზე დასხმულია ცემენტი, რომელმაც ბაქანი აამაღლა, რის შედეგადაც ის მატარებლის იატაკის დონეს აცდა. შესაბამისად, მზგავრები გადმოსვლისას და ჩასვლისას პატარა საფეხურს აწყდებიან. თუ სადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს, მაშინ მნიშვნელოვანია, მატარებლის იატაკი ბაქანს გაუთანაბრონ: ან ლაინდაგი აიწიოს ზევით ან ცემენტის ფენა მოიხსნას და ბაქანი თავდაპირველ დონეს დაუბრუნდეს. ბაბუნაშვილის შეფასებით, ტექნიკურად, ორივე ვარიანტი შესაძლებელია.

კომენტარი