ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკთან ალტრუისტული პროექტი უფროა, ვიდრე კომერციული – დავით აბულაძე

ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკთან ალტრუისტული პროექტი უფროა, ვიდრე კომერციული – დავით აბულაძე

137
გაზიარება

“პროექტი, თავისი ფუნქციით, საინტერესოდ გამოიყურება. როგორც ჩანს, ეს უფრო ალტრუისტული პროექტია.“ – ასე აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობის იდეას საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.
როგორც არქიტექტორი მიიჩნევს, პროექტი კომერციული მიდგომით არ კეთდება და საინტერესო სიახლეებს მოიცავს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ახალი, რეკრეაციული სივრცე გაჩნდება.
„ძალიან კარგია და ვიცი, რომ პროექტის ავტორის, მამუკა ჩხაიძის ხელში კიდევ უკეთესი გამოვა” – აღნიშნავს დავით აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარი