მთავარია, ორანჟერეა პარკის ფუნქციებში ჩაეწეროს – თეიმურაზ კანდელაკი

მთავარია, ორანჟერეა პარკის ფუნქციებში ჩაეწეროს – თეიმურაზ კანდელაკი

192
გაზიარება

საქართველოს აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სატყეო ფაკულტეტის პროფესორი თეიმურაზ კანდელაკი მიიჩნევს, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობა გამართლებული იმ შემთხვევაში იქნება, თუ ის ორ პირობას დააკმაყოფილებს: პარკის ფუნქციებში ჩაეწერება და საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეიძენს. პროფესორის განმარტებით, ორანჟერეის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურის კუთხით, სანყინეები, ბავშვთა გასართობ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა და მსუბუქი პავილიონები უნდა მოეწყოს.
“მოზრდილები ცნობიერებას აიმაღლებენ, ბავშვებიც მცენარეებით დაინტერედებიან. თუ ფართი იმხელაა, რომ თბილისს დასასვენებელი პარკი შეემატოს, ეს ძალიან კარგი იქნება. მთავარია, ორანჟერეა პარკის ფუნქციას არ გასცდეს. თბილისს აკლია ასეთი ადგილები, ამიტომ ამ პროექტს მივესალმები.” – აცხადებს თეიმურაზ კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე “კია მოტორსის” ავტოსალონი, რომელიც, დანიშნულებიდან გამომდინარე, გარემოს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს და მოსახლეობას ტერიტორიით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს, მრავალფუნქციური, საგამოფენო ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დამტკიცდა. პროექტის თანახმად, ავტომომსახურების ცენტრის დემონტაჟი მოხდება და მის ადგილას განთავსდება შენობა, რომლის ინტერიერი და ექსტერიერი ერთი მთლიანი ლანდშაფტური ზონა გახდება. პროექტის განხორციელება არცერთი ხის მოჭრას არ გულისხმობს. მეტიც, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარეები, რომლებიც დიღმის ტყე-პარკში არ გვხვდება.
საერთო სარგებლობის ორანჟერეა მულტიფუნქციური იქნება და რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს. მოსახლეობა აქ ნებისმიერ ამინდში შეძლებს, ისეირნოს, დაისვენოს, გაერთოს და დაესწროს სხვადასხვა თეატრალურ წარმოდგენას.
პროექტის ფარგლებში, უნდა დამონტაჟდეს სარწყავი სისტემა, შენობა კი მინით გადაიხურება, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს. ტერიტორიაზე გაკეთდება შადრევანი, ქვაფენილიანი ქუჩა და მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცე, ასევე ის ძველი თბილისის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით გაფორმდება.
პროექტის მიზანი ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრუქტურის ერთმანეთთან ორგანულად შერწყმაა.

კომენტარი