ორანჟერეის პროექტი მოცემული ტერიტორიისთვის შესაბამისია – არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე

ორანჟერეის პროექტი მოცემული ტერიტორიისთვის შესაბამისია – არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე

113
გაზიარება

დიღმის ტყე პარკის მიმდებარედ, “კია მოტორისის” ავტოსალონის მრავალფუნქციური ორანჟერეით ჩანაცვლების იდეამ დარგის სპეციალისტებისგან არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. პროექტი მოსწონს არქიტექტორ ნიკოლოზ აბაშიძესაც, რომელიც მასში ხარვეზებს ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ახალი ლანდშაფტური ზონა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის სასარგებლო იქნება.
“ნაგებობა ნორმებში ზის და ტერიტორიისთვის შესაბამისია. მოსახლეობისთვის კარგი იქნება, რომ ქალაქს შეემატება გადახურული, დასასვენებელი ადგილი, რომელიც საგამოფენო სივრცეებს მოიცავს. თუ დამკვეთი აპირებს, იმის ნაცვლად, რაც იქ დღეს არის, ასეთი პროექტი განახორციელოს, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და მივესალმები.” – აღნიშნავს არქიტექტორი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული და ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარი