რითი ვსუნთქავთ – თბილისში PM2.5 -ის კონცენტრაცია ნორმას 16%-ით, ხოლო...

რითი ვსუნთქავთ – თბილისში PM2.5 -ის კონცენტრაცია ნორმას 16%-ით, ხოლო PM10-ის 34%-ით აღემატება

1295
გაზიარება

გამწვანების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტის სიჭარბე და სამშენებლო მტვერი – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში,  ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია  ჰაერში გასულ წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა. თუ შარშან ამ დამბინძურებლის კონცენტრაცია ჰაერში ნორმას 33%-ით აჭარბებდა, წლეულს ემ მაჩვენებელი 58 %-მდე გაიზარდა. თბილისის ჰაერში მაღალია მყარი ნაწილაკების (PM2.5 და PM10) კონცენტრაციაც. როგორც „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, PM2.5-ის რაოდენობა წლიურ საშუალო ნორმას 16%-ით აჭარბებს,ხოლო  PM10-ით დაბინძურება წლიურ ნორმას 34 %–ით აღემატება.
“თითოეული ხსენებული დამაბინძურებელი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელთან, თუმცა მყარი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება” – ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.
თბილისში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანიც. მისივე თქმით, დედაქალაქში ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილების გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერია.
„განსაკუთრებით ზაფხულის დადგომის შემდეგ ყველას აქვს  განცდა, რომ ქალაქში სუნთქვა ჭირს.ჰაერის დაბინძურების მთავრი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია.
დღეს  ასეთი ვითარებაა – საწვავის შემომტანი  ვალდებულია ექსპერტიზა  გაუკეთოს თავის შემოტანილ საწვავს, მართალია კრიტერიუმები დადგენილია, მაგრამ შემდეგ ამის კონტროლი აღარ ხდება. მე ვთვლი, რომ საქართველოში გაყიდული საწვავი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში.
ქალაქში დადიან ჯერ კიდევ 2007 წელს ნაყიდი „ბოგდანის“ ავტობუსები, რომლებიც ბოლავენ. ასევე მძიმე მდგომარეობაშია  ყვითელი მიკროავტობუსები. ისინი ქალაქს აბინძურებენ არა მხოლოდ მორალურად, არამედ ჰაერის ერთ -ერთი მთავარი დამაბინძურებლები არიან.
რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ პრობლემა შედარებით  მოწესრიგდეს – პირველ რიგში,  უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  რაც შეეხება ტექდათვალეირებას – ერთი მხრივ,  ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამან გამოიღო პოზიტიური შედეგი, მეორე მხრივ მივდივართ ქუჩაში და ვხედავთ, რომ ისეთი მანქანები დადიან, რომლებიც ბოლავენ, ჩვენ ხომ გვაქვს თვალები?  ახლა,  წესით,  ასეთი მანქანები აღარ  უნდა დადიოდნენ, მაგრამ  მაინც გვხვდებიან.
ჰაერის მეორე დამაბინძურებელი სამშენებლო მტვერია. ასევე ქალაქს გარემომცველი მწვანე სარტყელის პრობლემა აქვს.  რაკი  თვალი ევროპისკენ გაგვირბის და გვინდა ცოტათი დავემსგავსოთ რაღაცეებში, იქ ფატობრივად, ტყეში არის ქალაქები და ამ ქალაქებში გამჭოლი მწვანე სივრცეებია. ქალაქის განიავებისთვის გამჭოლი მწვანე სივრცეები კარგ ეფექტს იძლევა“- აცხადებს გიორგობიანი.

 

 

კომენტარი