ორანჟერეა გახდება პოპულარული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მიიზიდავს – ინტერვიუ ვოიტეკ...

ორანჟერეა გახდება პოპულარული რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მიიზიდავს – ინტერვიუ ვოიტეკ გრაბჩევსკისთან

124
გაზიარება

დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან მრავალფუნქციური ორანჟერეა უნდა მოეწყოს, რომელიც ამ ადგილას განთავსებულ ავტომომსახურების ცენტრს ჩაანაცვლებს. მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. რაც მთავარია, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშენებლობის პროცესში აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დარგონ.

კომპანია ანაგის ზემოხსენებულმა „პროექტმა“, რომლის ავტორიც სტუდია 9„-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა, ქართველი სპეციალისტებისგან არაერთი დადებითი შეფასება დაიმსახურა. პროექტი შეაფასა საქართველოში მოღვაწე უცხოელმა სპეციალისტმა, დეკორატიული მცენარეების საერთაშორისო კომპანია „აგრომაქს დეკორის“ დამფუძნებელმა, ვოიტეკ გრაბჩევსკიმაც.

როგორ ფიქრობთ, საჭიროებს თუ არა თბილისი დღესდღეობით ახალ რეკრეაციულ სივრცეს და რამდენად სწორია მისი ამ სახით მოწყობა?

– თბილისს არ ჰყოფნის რეკრეაციული ზონები და მათი მოწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ზოგადად, აუცილებელია, რომ არ მოხდეს ხეების გაჩეხვა, ხოლო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პარკის გამწვანება უფრო მეტად განვითარდება.

-თქვენი შეფასებით, რამდენად შეესაბამება დიღმის ტყე-პარკის ნიადაგი ეგტოზიკურ ხეებს?

– ჩემი აზრით, პროექტში ჩართულები იქნებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც უკვე წარმატებულად გაუმკლავდნენ ანალოგიურ პროექტებს. ისინი შეძლებენ, დაეხმარონ ინვესტორებს მაქსიმალურად ხანგრძლივი და ეფექტური გამწვანების უზრუნველყოფაში. თბილისი საჭიროებს ასეთ ხარისხიან გამწვანებას ასეთ ლამაზ საზოგადოებრივ სივრცეებს. მით უმეტეს, ქალაქის კლიმატური პირობები იდეალურია იმისათვის, რომ გამწვანება გაცილებით მრავალფეროვანი იყოს და თბილისის, ასევე მთლიანად საქართველოს განუმეორებელი იმიჯის ნაწილი გახდეს. სამოთხის მსგავსი ქვეყანა სამოთხის ბაღებს საჭიროებს.

-როგორ შეძლებს აღნიშნული ორანჟერეა შეერწყას ბუნებას როგორც ფუნქციურად, ისე რეკრეაციულად?

– ამ მასშტაბის ორანჟერეა უნდა იყოს შემუშავებული კომფორტის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და შენობის გაგრილება-გათბობა ენერგიის დამზოგავი ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა ხდებოდეს.

-თქვენი აზრით, რა სარგებელს მოუტანს ეს პროექტი ქალაქს და ადგილობრივ მოსახლეობას?

– აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ქალაქის სტუმრებისთვისაც. გარდა ამისა, ის, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ორანჟერეა ძალიან პოპულარული რეკრეაციული სივრცე გახდება, რომლის სტუმრობაც ნებისმიერ დროსა და ამინდში იქნება შესაძლებელი. მისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, ის ნებისმიერი ტიპის ადამიანს მიიზიდავს.

კომენტარი