თბილისის განვითარების ფონდს და ურბანულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება

თბილისის განვითარების ფონდს და ურბანულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ეყოლება

177
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს.
„ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი – ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების რეაბილიტაცია-აღდგენა. ეს სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი ხელმძღვანელობდა.  მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო მსგავსი ტიპის სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად აკეთებდა. შედეგიც სახეზეა – გვაქვს ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები. გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ის კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, რომელიც დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
„მინდა, ალექსანდრე ტოგონიძეს წარმატებები ვუსურვო. წინ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევითა და სულისკვეთებით შევძლებთ, ის ტემპი შევინარჩუნოთ, რაც გიორგი ბაიდარაშვილს ჰქონდა აღებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, მას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
„გიორგი ებანოიძე გამოცდილი კადრია. ის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა. მინდა, მას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი