საცობების მართვის აპლიკაცია – რას გულისხმობს იდეა, რომელსაც მერიას სთავაზობენ

საცობების მართვის აპლიკაცია – რას გულისხმობს იდეა, რომელსაც მერიას სთავაზობენ

126
გაზიარება

მოქალაქე გიორგი დალაქიშვილი ქალაქის ხელმძღვანელობას და კონკრეტულად, თბილისის მერს, კახა კალაძეს საცობების წინააღმდეგ საბრძოლველად აპლიკაციის შექმნის იდეას სთავაზობს. დალაქიშვილის განმარტებით, აპლიკაცია საშუალებას მისცემს მძღოლს, წინასწარ ნახოს, თუ რა ვითარებაა ქალაქის ამა თუ იმ ქუჩაზე და გადაადგილების სასურველი მარშრუტი შემდეგ აირჩიოს.
“დღეს თბილისის ყველა უბანს უდგას საცობების პრობლემა. მის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტი დიდი მოცულობის თანხებს ხარჯავს ინფრსტრუქტურულ პროექტებზე, რაც გარდაუვალი პროცესია, თუმცა არსებობს ბევრად მარტივი და იაფი საშუალებაც. ამისათვის საჭიროა მძღოლების ინფორმირება იმ მომენტში ქუჩებში არსებული მდგომარეობის შესახებ. წინასწარ არავინ იცის, სად და როდის შეცვლის ნაკადების მიმართულებას საპატრულო პოლიცია; საგზაო სამუშაოების გამო, რა ფორმით შეიზღუდება გადაადგილება; ავტოსაგზაო შემთხვევის, კლიმატური პირობების გაუარესების ან ნებისმიერი სხვა მიზეზით სად და როგორ გართულდება მოძრაობა. სათვალთვალო ვიდეოკამერების დახმარებით, შესაძლებელია ინფორმაცია შეგროვდეს ქუჩებში არსებული გადატვირთული მდგომარეობისა და შეზღუდვების შესახებ. სპეციალური აპლიკაციით, მძღოლი რუკაზე შეარჩევს მისთვის იდეალურ მარშრუტს. ამ გზით ავტომატურად მოხდება გზების თანაბარი დატვირთვა. აპლიკაციის შექმნა, უხეში გათვლებით, 100 000 ლარი დაჯდება, რაც დღეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტთან შედარებით მიზერული თანხაა.” – აღნიშნავს წინადადების ავტორი.
გიორგი დალაქიშვილმა საკუთარი იდეა სპეციალურ ვებგვერდზე უკვე დაარეგისტრირა და ახლა მხარდამჭერებს ელოდება. თუ იდეა 2500 ხმას დააგროვებს, ქალაქის მერია მას განიხილავს.

კომენტარი