კანალიზაციის ისტორია თბილისსა და მსოფლიოში – სტატისტიკა, რომელიც დაგაფიქრებთ

კანალიზაციის ისტორია თბილისსა და მსოფლიოში – სტატისტიკა, რომელიც დაგაფიქრებთ

127
გაზიარება

საქსტატის  წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 51,4%-ს კანალიზაცია არ აქვს. ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობა 1.34 მილიონს არ აღემატება. თბილისში და საქართველოს სხვა  დიდ ქალაქებში ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს წყალარინების სისტემებზე წვდომა შეზღუდული აქვს.
საინტერესოა, რომ საკანალიზაციო სისტემის გამართვა თბილისში მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. 1900 წლისათვის კანალიზაციის ქსელის სიგრძე თბილისში 24 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა სახლების უდიდესი ნაწილი არ იყო მიერთებული კანალიზაციასთან. მოსახლეობა პრიმიტიულ მშთანთქავ ჭებს იყენებდა. 1935 წლისათვის საკანალიზაციო ქსელის ხაზების სიგრძემ დედაქალაქში  172 კილომეტრს მიაღწია. ამ დროისათვის თბილისის შენობების 72% უკვე შეერთებული იყო საკანალიზაციო სისტემასთან. ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი საკანალიზაციო სისტემა დაახლოებით, 4 ათასი წლის წინ თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე, ქალაქ მეჰენჯო – დაროში ფუნქციონირებდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2600 წლით ადრე საპირფარეშოების და წყალმომარაგების გამართული სისტემები ჰქონდათ ძველ ინდურ ქალაქებშიც. საპირფარეშოების ჩასარეცხ საშუალებებს ანუ კანალიზაციას ძველი კრეტელებიც იყენებდნენ. თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ძველ რომში 144 საზოგადოებრივი საპირფარეშო ფუნქციონირებდა, რომლებიც საკანალიზაციო სისტემით მდინარე ტიბრს უკავშირდებოდა.
რომის დაცემის შემდეგ საკანალიზაციო სისტემების მოწყობა – გამართვა ევროპაში დიდი ხნით დაივიწყეს. თუმცა საპირფარეშოს და კანალიზაციის შექმნის მცდელობა ევროპაში მე-15 საუკუნეშიც ჰქონდათ. 1482 წელს ცნობილმა იტალიელმა ხელოვანმა და გამომგონებელმა, ლეონარდო და ვინჩიმ საპირფარეშოს და საკანალიზაციო სისტემის კონსტრუქცია დააპროექტა, თუმცა პროექტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა.  ევროპის ქალაქებში საკანალიზაციო სისტემების მასობრივი გამართვა-ექსპულატაცია მე-18, მე-19 საუკუნეებში დაიწყო.  საინტერესოა, რომ თანამედროვე უნიტაზის პირველი პროტოტიპი 1596 წელს ინგლისში დედოფალ ელისაბედ პირველისათვის შეიქმნა. საპირფარეშოების ჩამრეცხი საშუალება კი პირველად 1777 წელს დააპატენტეს.

კომენტარი