თბილისიში დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისიში დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო

120
გაზიარება

თბილისის მერიამ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყო.როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოები 16 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასზე ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება ეზო, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერეკლე მეფის აბანოსა და გალავანს.
„რამოდენიმე დღეა უკვე დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. ვფიქრობთ, ესაა კიდევ ერთი, განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტი, რომლის განხორციელება ამ არეალს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის.
პროექტის განხორციელებას ჯამში 16 თვე და ორ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდება.ამ პერიოდში კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, რეაბილიტირდება ერეკლე მეფის აბანო, გალავანი და დრენაჟი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც 51 157 ლარი ჯდება.
მთლიანად იქნება მწვანე სივრცე, ანუ საერთო ჯამში, როცა სამუშაოები იქნება დასრულებული კიდევ ერთი ადგილი შეიქმნება ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ზონაში, ერთი მიზიდულობის ცენტრი იქნება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მისვლა. გარდა ამისა, ირგვლივ, ნებისმიერ ადამიანის საცხოვრებლის ფასი, რა თქმა უნდა, გაიზრდება, როდესაც ასეთი ინფრასტრუქტურა და პროექტი განხორციელდება კონკრეტულ ადგილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს: რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობას ლითონის ცხაურებით და ჭებით; წვეთოვანი სარწყავი სიტემის მოწყობას; გარე განათების სისტემის დეკორატიული სანათების მოწყობას; მწვანე ნარგავების დაცვას; ლითონის კარებისა და ჭიშკრის გაწმენდა და ახლიდან შეღებვას. ეზოში არსებული მაღალი ტერასის დაშლას და ნაყარი მიწის გატანას.
რაც შეეხება ერეკლეს აბანოს, გაიწმინდება დანალექი მიწებისაგან და მცენარეებისაგან; შესრულდება კონსტრუქციული სამუშაოები; აბანოს იატაკზე მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილები; რესტრავრირდება აბანო;
გალავანი და დრენაჟის შემთხვევაში იგეგმება: გაწმენდითი სამუშაოები; გალავნის გარე და შიდა მხარის რესტავრაცია; გარედან მიდგმული ჭის დანგრევა (აღდგება მცირე ზომის ჭა აგურით); გალავნის საძირკვლის გაძლიერება ყორე ბეტონით; მიწის სამუშაოები; დრენაჟის მილების მოწყობა გალავნის ქვეშ; ბეტონის სამუშაოები შიდა მხრიდან დიდ სიღრმეებზე ჩასხმით.

კომენტარი