სამგორი – ლილოს მიწისზედა მეტროს მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება – მერია კვლევის...

სამგორი – ლილოს მიწისზედა მეტროს მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება – მერია კვლევის შედეგებს ელოდება

131
გაზიარება

სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტი წლის ბოლოსთვის იქნება მზად. თბილისის მერის განცხადებით, წლის ბოლოსათვის გაირკვევა ასევე ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მიწისზედა მეტროს მშენებლობა რუსთავის მიმართულებით.
„სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობა წლის ბოლოსათვის დაიწყება. რაც შეეხება რუსთავის მიმართულებას, ამ პროექტზე გადაწყვეტილებას 2020 წელს მივიღებთ, როცა მზად იქნება კვლევის შედეგები“,- აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტირებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ავსტრიული კომპანია ILF Consulting Engineers Austria შეასრულებს.
ILF Consulting Engineers Austria-მ კვლევა-პროექტირება 15 თვეში უნდა დაასრულოს, რის სანაცვლოდაც 12 762 530 ლარს მიიღებს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს  მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დააანონსა. მისი თქმით, მიწისზედა მეტრო პირველ ეტაპზე მეტროსადგურ სამგორს ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან დააკავშირებს და მასზე მეტროს 6 შემადგენლობა ორმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. პროექტში, ჯამში, 90 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება (30 მილიონი მეტროს ვაგონების ღირებულება, ხოლო დანარჩენი ინფრასტრუქტურული ნაწილი). პირველ ეტაპზე მოცდის შუალედი, დაახლოებით, 10 წუთი იქნება.
წინასწარი პროგნოზით, მიწისზედა მეტრო ყოველდღიურად 200 ათას მგზავრს მოემსახურება. პროექტის რეალიზება 2019 წლის ბოლოს დაიწყება და  მიწისზედა მეტრო ექსპლუატაციაში 2020-2022 წლებში ეტაპობრივად შევა.

კომენტარი