სასიამოვნოა, რომ ორანჟერეა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს – მაკა შალიკაშვილი

სასიამოვნოა, რომ ორანჟერეა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს – მაკა შალიკაშვილი

36
გაზიარება

მსახიობი მაკა შალიკაშვილი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის – ორანჟერეის მოწყობას დადებითად აფასებს. მსახიობის განმარტებით, ის ფუნქციები, რომლებსაც ორანჟერეა შეითავსებს, მისასალმებელია.
პროექტზე საუბრისას მაკა შალიკაშვილი ყურადღებას კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ რადგანაც ორანჟერეამ ხსენებულ ადგილას მდებარე ავტოსალონი უნდა ჩაანაცვლოს, აქ დასაქმებული ადამიანების საკითხი აუცილებლად გასათვალისწინებელია.
“თუ კომპანია “ანაგი” ასეთი კარგი რამის გაკეთებას გეგმავს, მისასალმებელია. ეს ძალიან კარგი წინადადებაა, მაგრამ აუცილებელია, რომ ავტოსალონში დასაქმებულები უმუშევრად არ დარჩნენ. სასიამოვნოა, რომ ეს ობიექტი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გააერთიანებს, თუმცა ეს იქ დასაქმებული ადამიანების ხარჯზე არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.” – აცხადებს მაკა შალიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე ამჟამად ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს სწორედ ეს ცენტრი, რომელიც ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას არის განთავსებული.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე არ მოიჭრება. პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
პროექტის ავტორი კომპანია “სტუდია 9″-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენას და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს. ორანჟერეა სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს.
პროექტის თანახმად, ლანდშაფტური პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რაც მთელი ტყე-პარკის რეკრეაციულ ღირებულებას უფრო მეტად გაზრდის. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად.
მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა.

კომენტარი