„ნანტის“ სკვერში მინიბიბლიოთეკა დაამონტაჟეს

„ნანტის“ სკვერში მინიბიბლიოთეკა დაამონტაჟეს

129
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვარში არსებულ „ნანტის“ სკვერში მინიბიბლიოთეკა, ე.წ „წიგნის ბუდე“ მოეწყო. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის განხორციელების ინიციატორი მაჟორიტარი დეპუტატი ავთო ცინცაძე, ხოლო მისი მხარდამჭერი – კომპანია „ედ-დეველოპმენტია“.
როგორც „ედ-დეველოპმენტის“ დირექტორი დავით ბაღდავაძე აღნიშნავს, მრავალპროფილიანი ბიზნესკომპანია მხარს უჭერს ავთო ცინცაძის ინიციატივას და იმედს გამოთქვამს, რომ ღონისძიება დადებით შედეგს მოიტანს.
“ჩვენი კომპანიისთვის სოციალური, ეკოლოგიური და საგანმანათლებლო შინაარსის პროექტები მნიშვნელოვანია და ვთვლით, რომ ერთად უნდა შევიტანოთ ყველამ ჩვენი წვლილი ამ კონკრეტული სეგმენტების განვითარებისთვის. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ აქცია #ჩვენგვიყვარსკითხვა თავის შედეგს გამოიღებს და მომავალი თაობა აუცილებლად დაუთმობს კითხვას მეტ დროს, თუნდაც ჩვენს სკვერში დასვენებისას.” – აცხადებს დავით ბაღდავაძე.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას პროექტის განხორციელების ინიციატორი, მაჟორიტარი დეპუტატი ავთო ცინცაძე და “ედ-დეველოპმენტს” მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“სიამოვნებით ვიღებ ინიციატივას საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტის საშუალებით, ჩვენს მომავალ თაობას წიგნების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავდება. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მხარდამჭერ კომპანიას, “ედ-დეველოპმენტს”. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება ჩემს რაიონში მხოლოდ ერთი სკვერი, სადაც ბიბლიოთეკა განთავსდება.” – აღნიშნავს ავთო ცინცაძე.
პროექტის მიზანი, წიგნიერების პოპულარიზაციის გარდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდაა. როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი მიიჩნევს, პროექტი ორივე მიზანს წარმატებულად მიაღწევს.
“სკვერებში “წიგნის ბუდეების” მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ერთი მხრივ, ჩვენ სკვერებში დამსვენებლ საზოგადოებას წიგნებს ვთავაზობთ, მეორე მხრივ კი, პროექტის დანიშნულება სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდაცაა. ადამიანს, რომელმაც სკვერის ბიბლიოთეკიდან წიგნი აიღო, იქვე ვუტოვებთ ინსტრუქციას, რომ წაკითხვის შემდეგ ან დააბრუნოს ან სხვა წიგნი დატოვოს სხვა მკითხველისთვის. რეალურად, ეს სამოქალქო პასუხისმგებლობისა და ურთიერთმხარდაჭერის იდეაა, რომელსაც ხორცს ვასხმათ. ჩვენ უკვე რამდენიმე მსაგვსი პროექტი განვახორციელეთ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში და ჩვენი აქტიურობით, ძალიან კარგი შედეგებიც მივიღეთ. საზოგადოება აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და ცდილობს, მუდმივად შეავსოს და განაახლოს სკვერების ბიბლიოთეკები.” – განმარტავს მირიან ხოსიტაშვილი.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, შესაძლებელია ისიც, რომ ადამიანმა, რომელმაც კონკრეტული წიგნი წაიკითხა, ზედ პატარა კომენტარიც მიაწეროს, რომელსაც შემდეგ ახალი მკითხველი გაეცნობა.
სკვერის ბიბლიოთეკები, საქართველოს მაშტაბით, უკვე 8 ქალაქშია დამონტაჟებული და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს. ამიერიდან კი, ვაშლიჯვრის მოსახლეობას აქვს საშუალება, მინიბიბლიოთეკის საცავიდან სასურველი წიგნის კითხვით ისიამოვნოს.

 

კომენტარი