რა ეჭვები არსებობს “ორანჟერეას” შესახებ და რა არგუმენტები აქვს კომპანია “ანაგს”?

რა ეჭვები არსებობს “ორანჟერეას” შესახებ და რა არგუმენტები აქვს კომპანია “ანაგს”?

1346
გაზიარება

დიღმის ტყე-პარკთან, სადაც ახლა ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს, მრავალფუნქციური “ორანჟერეა” უნდა მოეწყოს. პროექტის ავტორი კომპანია “სტუდია 9”-ის საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა ჩხაიძეა, ხოლო დამკვეთი – სამშენებლო კომპანია “ანაგი”.
პროექტი, საბოლოო სახით, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გასული წლის სექტემბერში დაამტკიცა და მისი განხორციელება მალე დაიწყება. მიზანი საკმაოდ ამბიციურია -მრავალფუნქციური “ორანჟერეა”, რომელიც, რეკრეაციული კომპონენტის პარალელურად, გასართობ-დასასვენებელ სივრცეებსაც მოიცავს, ორგანულად შეერწყას დიღმის ტყე-პარკს და მის სამომავლო განვითარების კონცეფციაში ჩაეწეროს. როგორც პროექტის ავტორები აღნიშავენ, ტერიტორია არ შემოიღობება, არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად და სტუმრებს ნებისმიერ დროსა და ამინდში მიიღებს. მათივე მტკიცებით, მშენებლობის დროს არცერთი ხე არ მოიჭრება და პირიქით,  ამ ადგილს არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე შეემატება. რაც შეეხება ავტოსალონში დასაქმებულ ადამიანებს, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი, რომელსაც ხსენებული ფართი ნაქირავები აქვს, ფუნქციონირებას, თანამშრომლებთან ერთად, სხვა ადგილას გააგრძელებს.
მიუხედავად ამისა, პროექტის ირგვლივ არსებობს არაერთი კითხვა და ეჭვი, რომელთაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. “სითი კვირა” შპს “ანაგის” იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსს, მარიამ დვალიშვილს ესაუბრა.

როცა ხეების არ გაჩეხვაზე და ახლების დარგვაზე ვსაუბრობთ, ეს, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რამდენიმე არსებული ხე მაინც ხვდება სამშენებლო ტერიტორიაზე. რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ ნამდვილად არც ერთი ხე არ მოიჭრება?

-როდესაც პროექტთან დაკავშირებით მწვანე ნარგავებზეა საუბარი, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროექტს თან ერთვის დენდროლოგიური პროექტი, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, არსებული მოთხოვნების სრული დაცვითაა შედგენილი. გაცნობებთ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებთან დაკავშირებით, დენდროლოგიური პროექტით, გათვალისწინებულია მხოლოდ 6 ბუჩქისა და 4 ხის გადარგვა და არც ერთი ხის მოჭრა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, ასევე, 500-მდე მ2-ზე დაითესება მწვანე მოლი.

მთავარ

მაგისტრალი, რომლის მიმდებარეთაც პროექტი უნდა განხორციელდეს, ისედაც დატვირთულია. როცა აქ “ორანჟერეა” აშენდება, იქამდე მისასვლელი გზა სწორედ ეს მაგისტრალი იქნება. ეს ავტობანია, რომელიც თავის ფუნქციას, ხსენებულ შემთხვევაში, კიდევ უფრო ცუდად შეასრულებს და უწყვეტი მოძრაობა, (რაც, წესით, ავტობანზე უნდა იყოს) ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. ისედაც ქაოსური მოძრაობა მეტად შეფერხდება, როცა “ორანჟერეასთან” მისვლას მოსახლეობა ავტომობილებით გადაწყვეტს. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება იმით, რომ პარკინგისათვის ძალიან პატარა სივრცის გამოყოფა გიწევთ, რაც ვერ დაიტევს ამდენ მანქანას. საბოლოოდ კი, ძალიან ქაოსურ სურათს მივიღებთ როგორც მოძრაობის, ასევე, პარკირების კუთხით… როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

-პროექტს თან ერთვის მოცულობითი, სპეციალური სატრანსპორტო კვლევა, რომელიც ჩატარებულია სატრანსპორტო და ქვეითთა მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვისაც. კვლევაში არ არის არანაირი რისკის ალბათობაც კი შესაძლო სატრანსპორტო გადატვირთვების შესახებ. კვლევას, ასევე, თან ერთვის მოძრაობის სქემები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერაა დამტკიცებული.

ტყე-პარკის მთავარი ფუნქცია და ღირებულება მის ბუნებრივობაშია. ეს არც თუ ისე მცირე მოცულობის შენობა (თუნდაც ისეთი, რომელიც მწვანე საფარს მოიცავს), მრავალფუნქციური კომპლექსი საგამოფენო და საკონცერტო სივრცეებით, როგორ შეერწყმება ტყე-პარკსა და მის ფუნქციას?

-პირველ რიგში, ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ „ორანჟერეა“ მდებარეობს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავისი ფუნქციითა და დანიშნულებით, წარმოადგენს სწორედ ისეთ ადგილს, რომელიც მსგავს გარემოში უნდა განვითარდეს. გარდა მოცემულისა, ყურადსაღებია, რომ, პროექტის მიხედვით, ხდება „ორანჟერეათი“  უკვე არსებული ავტოპროფილაქტიკა-ავტოსალონის ჩანაცვლება, რაც, დაგვეთანხმებით, ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციურ დატვირთვას სრულად შეესაბამება. სხვა ნებისმიერი დანიშნულების ობიექტი არ შეესაბამებოდა მიმდებარე ტერიტორიის საზოგადოებრივ დატვირთვას. ტყე-პარკის ბუნებრივობა კი, არ შეიძლება აღქმული იქნას მისი საზოგადოებრივი დანიშნულებით დატვირთვის გამოსარიცხად და დასვენებისა თუ გართობისგან მის გასაუცხოვებლად. ჩვენი ობიექტი, სწორედაც რომ, თავსებადი იქნება ტყე-პარკისთვის.

თქვენ ყურადღებას ამახვილებთ იმაზე, რომ პროექტი საზოგადოებას სარგებელს მოუტანს, თუმცა ამ პროექტის არსებობას, 9 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, აპროტესტებენ ადგილობრივებიც, რომლებმაც, პროექტის წინააღმდეგ, 500-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. თქვენი მოსაზრება და ეს ფაქტი ერთმანეთს ნამდვილად არ ემთხვევა…

-როგორც ჩვენთვის ცნობილია, გარკვეულმა პირებმა მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას, დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ეს მონაცემებიც სწორედ აღნიშნულის შედეგია. იმისათვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში აღარ შეიყვანონ, უკვე შევხვდით და კიდევ შევხვდებით ადგილობრივებს, რა დროსაც მათ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ რა და როგორ გაკეთდება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი პროექტის რეკრეაციულ დანიშნულებაზე საუბრობთ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შენობა არა ორანჟერეა, არამედ ორანჟერეას ტიპის დაწესებულება იქნება. უფრო ზუსტად კი, კომპლექსი, რომელიც საკონცერტო და საგამოფენო სივრცესთან ერთად, ორანჟერეას მოიცავს. შესაბამისად, დაუზუსტებელია პროექტის მთავარი ფუნქცია. არაერთი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს შემდეგი ეჭვი: შესაძლებელია, სამუშაოების დასრულების შემდეგ დიღმის ტყე-პარკმა დიდი, მწვანე, ლანდშაფტური სივრცე კი არ მიიღოს, რომელიც პატარ-პატარა ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს მოიცავს, არამედ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც პატარა გამწვანებასაც მოიაზრებს. რა გარანტია გვაქვს რომ ეს ეჭვი არ გამართლდება და შენობა არა ორანჟერეა“ც“, არამედ ორანჟერეა იქნება?

-შეუძლებელია, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, რაიმე სახის ეჭვებზე იყოს საუბარი, რადგან პროექტი საჯაროა და ნათლად ასახავს, რა სახის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება იგეგმება. პროექტის ავტორისა და მესაკუთრის მყარი განზრახვაა, მათ შექმნან და განავითარონ ეს ობიექტი ისე, როგორც პროექტითაა განსაზღვრული.   ეჭვი შეიძლება მხოლოდ ერთ რამეზე გვქონდეს: რომ არა დამკვეთის კეთილშობილური მიზნები, ავტოპროფილაქტიკა ამ ადგილას ათეული წლების მანძილზე იარსებებდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ პროექტი ტიპურ ორანჟერეას წარმოადგენს. მისი შესრულება გადაწყვეტილია მინა-ლითონის კონსტრუქციების კომბინაციით, რომელიც გარე და შიდა მწვანე სივრცეების ერთიანობას ქმნის და რეკრეაციულ-საზოგადოებრივი ფუნქციის ორგანიზების უნიკალურ მაგალითს წარმოადგენს.

კომენტარი