ელიას დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ელიას დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

109
გაზიარება

ისნის რაიონში, ელიას დასახლებაში, ნიაბის I შესახვევისა და საინგილოს ქუჩის შემაერთებელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, სადაც დასახლების არსებობის განმავლობაში ასფალტის საფარი პირველად იგება.
აღნიშნულ მისამართზე, უგზოობის პრობლემა მწვავედ იდგა, ტერიტორიაზე რთული იყო გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვისაც. ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, ისნის რაიონის გამგეობამ გზის მოწყობის საკითხი გადაჭრა.
პროექტის ფარგლებში, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. კერძოდ, მოიჭრა კლდის ნაწილი და დამუშავდა გრუნტი, გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
ამ დროისთვის, ნიაბის I შესახვევისა და საინგილოს ქუჩის შემაერთებელი გზის მონაკვეთში, 6300 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„წელიწადნახევრის განმავლობაში, ისანში 15 ქუჩაზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო და გზა კაპიტალურად მოეწყო. ამით მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭერით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინფრასტრუქტურის განვითარება სწორედ ასეთ ტერიტორიებზე, სადაც მჭიდრო დასახლებებია და უგზოობის გამო, ტრანსპორტის მიმოსვლა ვერ ხერხდება. ახლო მომავალში, სამუშაოების ჩატარებას კიდევ რამდენიმე დასახლებაში ვგეგმავთ, სადაც ასფალტიანი გზა ქუჩაზე პირველად მოეწყობა“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
საგზაო სამუშაოებს, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან 378 110 ლარით დაფინანსდა, შპს „გუმი“ ატარებს.
ნიაბის I შესახვევისა და საინგილოს ქუჩის შემაერთებელი მონაკვეთის საგზაო სამუშაოები ერთი კვირის ვადაში დასრულდება.

კომენტარი