თოიძის N30-ში სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

თოიძის N30-ში სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

70
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. შენობის მძიმე ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს.
საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა.
„თოიძის N30-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სახლის ავარიულობა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი ინიციატივითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ, მოსახლეობას კი დროებით, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 166 000 ლარია.
მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

კომენტარი