გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – ვერის ბაღში ჯანსაღ ხეებს არ ჭრიან და...

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური – ვერის ბაღში ჯანსაღ ხეებს არ ჭრიან და არც მშენებლობა იგეგმება

140
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვერის ბაღში ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ადგილას ჯანსაღ ხეებს არ ჭრიან და არც მშენებლობა იგეგმება.
“ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ყოველგვარი ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ვრცელდება საჯაროდ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი’’ ვერის ბაღში აწარმოებს დაავადებული ფიჭვების სანიტარიულ ჭრებს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ჭრები გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, რათა თავიდან ავიცილოთ დაავადების კერების გაფართოება და ჯანსაღი კორომები გადავარჩინოთ.სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში.
აქვე, ვპირდებით მოსახლეობას, რომ სანიტარიული ჭრების პარალელურად, თითოეული მოჭრილი ხე მყისიერად ჩანაცვლდება ჯანსაღი დიდი ზომის ხეებით. ჩანაცვლების პროცესი უკვე დაწყებულია და ინტენსიურად გაგრძელდება შემოდგომის რგვების სეზონზე.
ჩვენ არანაკლებ შეგვტკივა გული არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე და ძალიან ვწუხვართ, რომ დაავადებული ხეების გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რგვების ფარგლებში, ვიმედოვნებთ, რომ თბილისის გამწვანებული სივრცეები კვლავ შეივსება ახალი ხეებით. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან, სანამ არასწორ განცხადებას გაავრცელებენ, მითუმეტეს სამსახური პრაქტიკულად ყოველთვის აქვეყნებს ინფორმაციას დაგეგმილი სანიტარიული ჭრების შესახებ, მათ შორის, ვერის ბაღში მიმდინარე ჭრებთან დაკავშირებით საზოგადოება წინასწარ იყო ინფორმირებული” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი