სკვერი 32 ავტოფარეხის ნაცვლად – მორიგი საზოგადოებრივი სივრცე ქალაქში

სკვერი 32 ავტოფარეხის ნაცვლად – მორიგი საზოგადოებრივი სივრცე ქალაქში

188
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ნავთლუღში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N13 და N15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 32 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, სკვერის მოწყობას იწყებს.

პროექტის პრეზენტაცია ისნის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად ადგილზე გამართა. გამგებელმა და დეპუტატმა მოსახლეობას პროექტის ესკიზები გააცნეს, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და შესთავაზეს, თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები გამოეთქვათ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ მოსახლეობა მერის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნულ ტერიტორიაზე, მათივე სურვილით, ეტაპობრივად, ის 32 ავტოფარეხი დავშალეთ, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებთან ანტისანიტარულ მდგომარეობას ქმნიდა და გარემოს ამახინჯებდა. ამის სანაცვლოდ, ადგილობრივებს დიდი სკვერის მოწყობას შევპირდით და მათი სურვილების და საჭიროებების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში შესაბამის სამუშაოებსაც დავიწყებთ. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი რაიონისთვის, როგორ შეიძლება უბნები განვითარდეს და უსახური ფარეხების ნაცვლად, საცხოვრებელ კორპუსებთან თანამედროვე რეკრეაციული სივრცეები შეიქმნას“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

პროექტის მიხედვით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N13 და N15 კორპუსებს შორის:

  • მოეწყობა სხვადასხვა ასაკის ბავშვთა სამი გასართობი მოედანი, სადაც ატრაქციონები დამონტაჟდება;
  • სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის, მოეწყობა ფიტნეს ზონა;
  • დაიდგმება საბაღე სკამები;
  • მოეწყობა ფანჩატური;
  • საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით;
  • ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, რომელთა ფარგლებშიც, დაირგვება ხე-მცენარეები და ჭავლური მეთოდით, დაითესება ბალახი;
  • მოეწყობა თანამედროვე საპარკინგე ტერიტორია;
  • სკვერი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

ისნის რაიონის გამგეობა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N13 და N15 მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის პროექტს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით დააკორექტირებს და ტენდერს სამუშაოების შესყიდვაზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს.

კომენტარი