საზოგადოებას ამ კვლევის შესახებ მხოლოდ მოუყვნენ, რაც არ არის საკმარისი – სალუქვაძე...

საზოგადოებას ამ კვლევის შესახებ მხოლოდ მოუყვნენ, რაც არ არის საკმარისი – სალუქვაძე „სისტრას” კვლევაზე

251
გაზიარება

წელიწადზე მეტია, რაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს იკვლევს. სწორედ მათი დასკვნის შედეგად უნდა გადაწყდეს, თუ როგორ გადანაწილდება დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამიტომ ყველა კვლევის შედეგებს ელოდება. მოლოდინისა და ინტერესის მიუხედავად, სამუშაო პროცესი, ფაქტობრივად, დახურული იყო. ცოტა ხნის წინ კი, „სისტრას“ ძირითადი მიდგომები მედიასთან საუბრისას „სისტრას“ პარტნიორი კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ გააჟღერა.

საინტერესოა, რამდენად დაეყრდნენ ისინი თბილისის გენგეგმას, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია გენგეგმის ჯგუფთან და რას ფიქრობენ თბილისის მთავარი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტის ავტორები კომპანია „სისტრას“ კვლევის შესახებ? „სითი კვირა“ მამუკა სალუქვაძეს, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორს, ესაუბრა.

– ბატონო მამუკა, დიდ ვნებათაღელვას იწვევს უკანასკნელ დღეებში „სისტრას“ პარტნიორი კომპანია “სპექტრუმ კონსალტინგის”-ის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული დეტალები, რომლებიც, თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემის შემოღებას ეხებოდა. ასმათ აბესაძემ ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ტარიფების, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის სქემისა და სხვა საკითხების შესახებ. საინტერესოა, როგორ აფასებს გენგეგმის ჯგუფი ამ წინადადებებს?

– ძალიან ძნელია და უფრო მეტიც, შეუძლებელია, ობიექტურად შეაფასო ის, რაც თვალით არ გვინახავს. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ ითქვა პროექტის მსვლელობისას უარი საჯაროობაზე და გარკვეული გადაწყვეტები და რეკომენდაციები ექსპერტებთან, სპეციალისტებთან და საერთოდ, ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად რატომ არ განიხილეს მაშინ, როდესაც ამგვარი კვლევები სრულიად აუცილებელია ქალაქებისთვის, მაქსიმალურად მისაღები, ადაპტირებადი, ეფექტიანი და სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. თავად ჩვენთვის, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის ავტორებისთვისაც უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ, თუ რა კონკრეტული მონაცემები და შედეგები მოგვცა აღნიშნულმა კვლევამ და რა წინაპირობებით მივდივართ თბილისის სატრანსპორტო მასტერპლანის შემუშავებამდე, რომელზე მუშაობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამდენად, საზოგადოებას ამ კვლევის შესახებ მხოლოდ მოუყვნენ და ეს არ არის საკმარისი დოკუმენტის ყოველმხრივი შეფასებისა და ანალიზისათვის. ამასთანავე, კვლევასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვაკუუმი სპეციალისტთა გარკვეულ წრეში უნდობლობასა და სკეპტიციზმს იწვევს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა სრულებით გასაგები.

– როგორც „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენლის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, კვლევის შედეგად 10 ძირითადი დერეფანი (ე.წ. თბილისის ავტობუსების ტრანზიტი TBT) დადგინდა. გარდა ამისა, საუბარია ახალ ხიდებზე, საბაგირო მარშრუტებზე, პარკირების ახალ სისტემაზე და ა.შ. რამდენადაც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულმა გენერალურმა გეგმამ, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი წინადადებები უკვე 3 წელია, წარმოადგინა. საინტერესოა, გაიარეს თუ არა კომპანია „სისტრასა“ და “სპექტრუმ კონსალტინგის” წარმომადგენლებმა კონსულტაციები გენგეგმის ჯგუფთან და რამდენად დაემთხვა თქვენი შეხედულებები?

– სამწუხაროდ, ამ კომპანიებს ჩვენს ჯგუფთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ჩვენ ისიც არ ვიცით, გაეცნენ თუ არა ჩვენ მიერ მერიისათვის წარდგენილ მასალებს და რა დოზით გაითვალისწინეს ისინი. ასეთი ცალმხრივი, არაკოორდინირებული მუშაობა თავად ქალაქისთვის არ არის სასურველი, რადგანაც თითოეული ის წინადადება, რომელიც გენგეგმამ შესთავაზა ქალაქს, გარდა უშუალოდ სატრანსპორტო სპეციფიკისა, ქალაქგეგმარებითი საჭიროებებიდან გამომდინარე იქნა შემუშავებული და მათი ტესტირება, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ სამსახურს გაუწევდა თბილისის მერიას და სრულიად გამართლებული იქნებოდა ქალაქის პერსპექტიული განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე. თავად ინტერვიუში გენგეგმაზე მინიშნება საერთოდ არ ყოფილა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს კვლევის პროცესში, სავარაუდოდ, არ დაეთმო სათანადო ყურადღება, რაც, თავისთავად, ვერ იქნება მისასალმებელი ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირკვევა, სატრანსპორტო სისტემის კვლევის ზემოაღნიშნული პროექტი უკვე ფაქტობრივად დასრულებულია, ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი დღესაც მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კვლევის შედეგების განხილვასა და ანალიზში.

კომენტარი