კახა კალაძემ კიკვიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაფასა

კახა კალაძემ კიკვიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაფასა

91
გაზიარება

დღეს თბილისის მერი კახა კალაძე კიკვიძის ბაღად ცნობილ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკს ეწვია. მერმა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა.

როგორც მერმა აღნიშნა, კიკვიძის ბაღის სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც 5 მილიონი ლარი ჯდება, ამა წლის ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.

ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება და მიდგომები მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია არსებული პარკების რეაბილიტაცია, სკვერების მოწესრიგება და ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა.
ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია და გაგვიკეთებია განცხადებები, თუმცა ჩვენ მხოლოდ განცხადებებით არ შემოვიფარგლებით, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში იყოს გამოსწორებული და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ამ პარკის რეაბილიტაცია.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე, რომელიც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება ჩვენი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში.
დღეის მდგომარეობით, მიწის ქვემოთ არსებული სამუშაოები: სანიაღვრეების მოწყობა, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, სარწყავი სისტემების მოწყობა მთელ პერიმეტრზე, ეს ყველაზე მძიმე და რთული სამუშაოები მთლიანად დასრულებულია.

შემდეგი ეტაპი იქნება კეთილმოწყობითი სამუშაოები, ახალი ხე-ნარგავების დარგვა, დაახლოებით 800 ძირი ხე-მცენარე დაირგვება. ამას ემატება ბუჩქები, რაც ერთიან სივრცეში იქნება ულამაზესი. ასევე აქ იქნება ბავშვებისთვის სპეციალური მოედნები, იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო და ჩოგბურთის რეაბილიტირებული და მოწესრიგებული მოედნები.
აქვე მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, პარკი იქნება ადაპტირებული.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისი აზრი, შეხედულება თუ იდეა მიიწეროს მერის ფეისბუკის გვერდზე ან თბილისის მერიის ფეისბუკის გვერდზე.
როგორც კალაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ იდეა, ან მოსაზრება საინტერესო იქნება, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.

ფეისბუკლაივში თბილისის მერმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იმუშავა ამ პროექტზე ან ახლა მუშაობს.

კომენტარი