ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ გიგა გიგაშვილი

ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ გიგა გიგაშვილი

68
გაზიარება

ცოტა ხნის წინ თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

„სითი კვირა“ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიგა გიგაშვილს ესაუბრა.

– რა არის თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მთავარი კონცეფცია? რა შედეგი დადგება ამით?

– გეგმის მთავარი მიზანია, ხუთწლიანი დაგეგმარების პერიოდში, განისაზღვროს ის ღონისძიებები, რომლებიც გააუმჯობესებს ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა და განთავსების პროცესებს.

ამ სამოქმედო გეგმითა და სტრატეგიით, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენი მიზანია:

ხელი შევუწყოთ ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას
ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებულ სისტემას
გადავიდეთ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე
აღმოვფხვრათ დედაქალაქში ნაგვის მანქანების ქაოტური გადაადგილება
გავზარდოთ კონტეინერებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.

საბოლოო ჯამში კი, გადავიდეთ  ნარჩენების მართვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოდელზე.
67355931_486717122142248_5036019273919627264_n

– რა მთავარ მიმართულებებს მოიცავს თქვენი სამოქმედო გეგმა?

– სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნის პრევენციის ხელშეწყობა
  • მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა
  • მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და ხელშეწყობა
  • ნარჩენების კონტეინერებთან თბილისის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა
  • მუნიციპალური ნარჩენების (სეპარირებული და შერეული) შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესება
  • დიდი ლილოს ნაგავსაყრელის სისტემების რეაბილიტაცია და უჯრედების დახურვა
  • მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელებიდან მოსალოდნელი, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება
  • ნარჩენების მართვის მოსაკრებლის ინსენტივური სისტემის დანერგვა
  • სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების განთავსების სისტემის მოწესრიგება
  • მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის პროცესის მხარდაჭერა
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

– ვინ მონაწილეობდა გეგმის შემუშავებაში?

– მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა მომზადდა თბილისის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის, ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში.

გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი. სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. ასევე, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო  გეგმის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.

– როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი სურათი გვექნება ქალაქში ამ მიმართულებით 5 წლის შემდეგ? თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ეს გეგმა ვითარების რეალურად გაუმჯობესებას?

– ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა და რომელიც, დაახლოებით, წლის ბოლოსთვის მზად იქნება, გარდა იმისა, რომ გააუმჯობესებს თბილისში ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, აღდგენისა და განთავსების პროცესებს და საბოლოო ჯამში, მოგვცემს ნარჩენების მართვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდართებთან შესაბამის მოდელს, ვფიქრობთ, რომ ამავდროულად,  მაქსიმალურად წაახალისებს მწვანე ეკონომიკასა და ნარჩენების გადამუშავებას.
გეგმა წაახალისებს გადამამუშავებელ ქარხნებსაც, რაც გაზრდის გადამუშავების მაჩვნებელს და  შეამცირებს  ქალაქის  დაბინძურებას.

გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები და განხორციელების ვადები  შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ ბმულზე http://tbilisi.gov.ge/page/3261

ამავე თემაზე: თბილისს ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს

კომენტარი