გაზზე მომუშავე 110 ავტობუსზე მერია ტენდერს გამოაცხადებს

გაზზე მომუშავე 110 ავტობუსზე მერია ტენდერს გამოაცხადებს

84
გაზიარება

უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობას ერთი წლის წინ წარვუდგინეთ. მასში დეტალურად იყო გაწერილი ის გეგმა, რომლის განხორციელებასაც მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად აპირებს. უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისისთვის ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე,  110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა წარვადგინეთ და მინდა გთხოვოთ, მიაქციოთ ყურადღება, თუ რამდენად თანმიმდევრულად ასრულებს თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკის თითოეულ პუნქტს, რომელშიც შედის, რა თქმა უნდა, პარკირების, ტაქსების რეფორმა, მეტროს სისტემის რეაბილიტაცია და რაც მთავარია, ახალი ავტობუსების შემოყვანა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თბილისის მეტროს, თბილისის მერის თქმით, 12 შემადგენლობიდან რვა განახლებული შემადგენლობა უკვე ხაზზეა გაშვებული და წლის ბოლომდე დანარჩენი ოთხიც დაემატება.

„რასაკვირველია, სატრანსპორტო პოლიტიკა გაცილებით გრძელვადიანია, ვიდრე მერის უფლებამოსილების ვადა, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ვადის განმავლობაში, მაქსიმუმს გავაკეთებ და შევასრულებ ყველა იმ პუნქტს სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და რა თქმა უნდა, მოსახლეობა შედეგსაც მალე იხილავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი