სამწუხაროდ, ბევრი ფიჭვის განკურნება უკვე შეუძლებელია – გიგა გიგაშვილი

სამწუხაროდ, ბევრი ფიჭვის განკურნება უკვე შეუძლებელია – გიგა გიგაშვილი

161
გაზიარება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ასახულია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტთან ხეების ჭრა და ვიდეოსთან ერთად ვრცელდება ხმაც, რომ ჯანსაღი ხეები იჭრება.

„სითი კვირა“ დაინტერესდა ამ საკითხით და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იჭრება ხეები სამედიცინო უნივერსიტეტთან. გავრცელდა ხმა, რომ ჯანსაღი ხეებიც ეწირება ამ პროცესს. როგორია თქვენი კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით? 

– გავრცელებული ინფორმაცია არ არის სწორი. სამედიცინო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იჭრება მხოლოდ გამხმარი ფიჭვები, არცერთი ჯანსაღი ხის მოჭრა არ ხდება.

– აქვე გკითხავთ, როგორც ცნობილია, ხეების მოჭრა ხდება მაშინ, როდესაც პარაზიტებს სძინავთ, ანუ ზამთარში. არის თუ არა აღნიშნული წესის დარღვევა ის ფაქტი, რომ ზაფხულში ჭრით დაავადებულ ხეებს?

– სამწუხაროდ, მავნებელი, რომელიც ანადგურებს ფიჭვებს, არ ელოდება შემოდგომის სეზონს და დაავადების კერები ფართოვდება, ამიტომ იძულებულნი ვართ, კერების მოსასპობად და ბუფერული ზონების შესაქმნელად, ზაფხულშიც ინტენსიურად გავაგრძელოთ ჭრები.

– ბოლო ხანს ბევრი ხე იჭრება იმ მიზეზით, რომ დაავადებულია. მაგალითად, ფიჭვები. მაინტერესებს, რატომ გახდა ხის მოჭრა საჭირო, ანუ რატომ არ მოხდა თავის დროზე მკურნალობა/შეწამვლა ამ ხეების, რათა თავიდან აგეცილებინათ ხეების ჭრა?

– აღნიშნული პრობლემა (ფიჭვების ხმობა) არა ერთი ან ორი წლის წინ, არამედ 90-იანი წლებიდან დაიწყო. სამწუხაროდ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ ხდებოდა დაავადების სწორი მართვა, ხდებოდა არასწორი პრეპარატების გამოყენება, რომელიც არ იყო ეფექტიანი. სწორედ ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქამდე და გვიწევს პრობლემის არნახულ მასშტაბებთან გამკლავება. ჩვენ ჩავატარეთ უპრეცენდენტო კვლევა და ამ კვლევის შედგების გათვალისწინებით დავიწყეთ დაავადებასთან სწორი მიმართულებით ბრძოლა.

სამწუხაროდ, ბევრი ფიჭვის განკურნება უკვე შეუძლებელია, ამიტომ იძულებულნი ვართ ვაწარმოოთ მასშტაბური სანიტარული ჭრები. ჭრები გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით, რათა ჯანსაღი კორომები გადავარჩინოთ. მავნებელზე, რომელმაც გამოიწვია ფიჭვების ხმობა არ ზემოქმედებს შეწამვლა. საჭიროა აბსოლუტურად ახალი საშუალებების გამოყენება, რომლის პრაქტიკა საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რათა ძალიან მალე დაინერგოს ეს საშუალებები და საბოლოოდ გადაიჭრას პრობლემა. სანიტარიული ჭრების პარალელურად მიმდინარეობს ახალი, დიდი ჯანსაღი ხეების დარგვა, რათა შენარჩუნებულ იქნას ქალაქში ეკოლოგიური ბალანსი. ეს პროცესი ინტენსიურად გაგრძელდება შემოდგომის რგვების სეზონზე.

 

კომენტარი