ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია – კალაძის მთავარი აქცენტები 31 ივლისის მთავრობის სხდომიდან

ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია – კალაძის მთავარი აქცენტები 31 ივლისის მთავრობის სხდომიდან

83
გაზიარება

დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ყურადღება სატრანსპორტო, სარეკრეაციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

I საკითხი – სატრანსპორტო პოლიტიკა: თბილისის მერმა ახალ ავტობუსებზე, მეტროს რეაბილიტაციაზე, ტაქსებსა და ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და საბოლოო მიზანი კმაყოფილი მოსახლეობა და მოწესრიგებული სატრანსპორტო ქსელია.

  • ავტობუსების შესახებ: უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. თბილისის მერის თქმით, თბილისისთვის განკუთვნილი 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები დედაქალაქში წლის ბოლომდე შემოვა.
  •  მეტროს შესახებ: კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს თორმეტი შემადგენლობიდან რვა განახლებული შემადგენლობა უკვე ხაზზეა გაშვებული და წლის ბოლომდე დანარჩენი ოთხიც დაემატება.
  • ტაქსების შესახებ: თბილისის მერიისგან ტაქსის მძღოლებისთვის ორი ტიპის ვაუჩერი გაიცემა. მათგან ერთი განკუთვნილია ავტომანქანის ფერის შეცვლისთვის, ხოლო მეორე – ინტერიერის ქიმიური წმენდისთვის. როგორც მერმა განაცხადა, ტაქსებისთვის განკუთვნილი ვაუჩერების გაცემა 10 აგვისტოს დასრულდება, ამიტომ ის ტაქსების მძღოლებს მოუწოდებს, taxi.tbilisi.gov.ge-ზე მიიღონ ინფორმაცია, თუ სად შეუძლიათ ვაუჩერების მიღება.
  • ზონალურ-საათობრივი პარკირება: თბილისის მერის თქმით, პირველი აგვისტოდან ზონალურ-საათობრივ პარკირების საპილოტე პროექტი იწყება. პროექტი, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს, პირველად კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. მერის თქმით, ხვალიდან ადგილზე იმუშავებენ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც მძღოლებს დააკვალიანებენ, წესებს აუხსნიან და პარკირების გადახდაშიც დაეხმარებიან. როგორც კალაძემ აღნიშნა, პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც სწრაფი გადახდის აპარატებიდან, ასევე სპეციალური აპლიკაციით, რომლის ჩამოტვირთაც ნემისმიერ ანდროიდზე იქნება შესაძლებელი.

II საკითხი – ინფრასტრუქტურული პროექტები: თბილისის მერმა 31 ივლისის მთავრობის სხდომაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, როგორიცაა: ლისის ტბის ახალი გზა და კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები.

  • ლისის ტბის ახალი გზა: თბილისის მერის თქმით, თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2 კილომეტრის სიგრძის, ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ლისის ტბიდან ჩამოვა, სუპერმარკეტ „აგრო ჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
    მისივე თქმით, პროექტი 15 მილიონი ჯდება და მის განხორციელებაა 7 თვე დასჭირდება.
  • კახეთის გზატკეცილი: რაც შეეხება კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, დედაქალაქის მერმა კახეთის გზატკეცილის სათადარიგო ზოლების უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კონტრაქტორი კომპანიები გააკრიტიკა, პასუხისმგებლობა დააკისრა და მთავრობის სხდომაზე საკომუნიკაციო ჭებთან ასფალტის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალაც წარადგინა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მაგისტრალის სათადარიგო, მარცხენა და მარჯვენა ზოლების რეაბილიტაცია 15 მილიონი დაჯდა, მაგრამ ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ თბილისის მერიამ 15 მილიონი საკომუნიკაციო ჭებით წყალს გაატანა. ამიტომ მერმა თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, დღესვე შეხვდეს კომპანიებს, რომლებიც ზერელედ მიუდგნენ საქმეს, რადგან როგორც მერმა აღნიშნა, მაგისტრალზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანიებს ხელახლა მოუწევთ პრობლემის მოგვარება ისე, რომ მერია ამისთვის კაპიკსაც არ დახარჯავს.
    „გულდასაწყვეტია ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება. ამდენი ფული იხარჯება და ალბათ დაეტყო ახლა, როდესაც ამდენი ავტომანქანა გადაადგილდება. ეს სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია და იმ კომპანიებს მოუწევთ ხარჯის გაწევა და თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია ერთ თეთრს არ დახარჯავს ამის რეაბილიტაციაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

III საკითხი – რეკრეაცია: თბილისის მერმა კიკვიძის ბაღის რეაბილიტაციასა და თემქის პარკის პროექტის შესახებ ისაუბრა.

  • კიკვიძის ბაღი: როგორ კალაძემ გუშინ კიკიძის ბაღიდან და დღეს მთავრობის სხდომიდან აღნიშნა, კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია მერიის ერთ-ერთი წარმატებულად მიმდინარე პროექტია, რომელიც მზადაა მეორე ეტაპზე გადასასვლელად და ამა წლის ოქტომბრის ბოლოსკენ დასასრულებლად.
  • თემქის პარკი: თბილისის მერის თქმით, თემქის ხევის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ატელიე არქიტექტი“ გამოვლინდა, რომელმაც პარკის რეაბილიტაციის პროექტი ოთხი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.როგორც კალაძემ განაცხადა:

_TAB7481„თემქის ხევის რეაბილიტაციის პროექტი
ძალიან მნიშვნელოვანია. ხევი მოიცავს,
დაახლოებით, 23 ჰა ტერიტორიას და დარწმუნებული ვარ, ამ ადგილზე ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. როგორც კი გვექნება დასრულებული პროექტი,   მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს პროექტით  გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. სამუშაოებს კი კომპანიის შერჩევისთანავე დავიწყებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, დენდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები), რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი განვითარების პერსპექტივა და ამ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პროექტირების ეტაპზე გათვალისწინებული იქნება“.

მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორიის სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმითაა გათვალისწინებული და სარეკრეაციო სივრცის მოწყობისას ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნდება.

IV საკითხი – გარემოვაჭრეები: როგორც თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 10 აგვისტოდან, თბილისის ათივე რაიონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია ყოველგვარი გადასახადების გარეშე გაყიდონ.
მისი თქმით, კომფორტულად მოწყობილ დახლებზე ვაჭრობის უფლება მოქალაქეებს რეგისტრაციის შემდეგ მიეცემათ.

„მე გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობით  მოხდა ამ პროექტის დასრულება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ  თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე და არა ქუჩაში, სადაც ხან მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ხან საპატრულო. ეს დისკომფორტი რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამისთვის გამოყოფილია კონკრეტული სივრცეები, მოწესრიგებული, გალამაზებული დახლებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

და ბოლოს, თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობა გლდანის ახლადრეაბილიტირებული პარკის გახსნაზე დაპატიჟა. პარკი 2 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება.

„მინდა, ყველას მოგიწოდოთ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. 20:00 საათზე გვექნება ამ ულამაზესი, რეაბილიტირებული პარკის გახსნა. აქ მოწყობილია ყველანაირი სივრცე დასვენებისთვის – სპეციალური ზონა ბავშვებისთვის, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, სივრცე ძაღლების გასასეირნებლად და ასე შემდეგ. პარკი ყოველმხრივ კეთილმოწყობილი და გამწვანებულია, ახალი ხე-ნარგავებით. ასე რომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ, იქნება კონცერტი, საზეიმო განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტით აუცილებლად ისიამოვნებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

კომენტარი