თბილისში დასარგავი ხეების ნუსხა მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ საჭიროა ადგილის სწორად შერჩევა –...

თბილისში დასარგავი ხეების ნუსხა მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ საჭიროა ადგილის სწორად შერჩევა – პარტიზანი მებაღეები

120
გაზიარება

თბილისში, ვერის ბაღში, მასიურად დაავადებული გადაჭრილი ფიჭვების მაგიერ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ახალი მცენარეების დარგვა დაიწყო.

იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც გარემოს დაცვის სამსახურმა ფეისბუკზე გაავრცელა, ირგვება: 6 ძირი ირმის რქა და 8 ძირი მუხა.

აღნიშნულმა ინფორმაციამ „პარტიზანული მებაღეობის“ ყურადღება მიიქცია.
პარტიზანი მებაღეები ამბობენ, რომ:

1. ირმის რქა – ჯუჯა, დეკორატიული მცენარეა, რომელიც მაგნიტია პარაზიტების და საჭიროებს მუდმივ შეწამვლას მძიმე პრეპარატებით.


2. მუხა – ფუნქციურად შესაბამისი, მაგრამ ძალიან ნელა მზრდადი ხეა.

პარტიზანი მებაღეები ასევე აღნიშნავენ, რომ თბილისში დასარგავი ხეების სია, რომელიც მათ და სხვა დაინტერესებულ პირებს თბილისის მერიამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე წარუდგინა, მისაღებია, მაგრამ სწორად სამართავია, რათა სწორად შეირჩეს დასარგავი ხეების ადგილი მათი ფუნქციიდან გამომდინარე.

„2019 წლის გაზაფხულზე, როგორც იქნა, ჩვენ, პარტიზანმა მებაღეებმა, ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა მერიის გამწვანების სამსახურისგან მივიღეთ ქალაქში დასარგავი ხეების არაჩვეულებრივი ნუსხა, რომელიც მერიამ გადააგზავნა საკრებულოში და ეს ნუსხა დამტკიცდა.

თავად თბილისის მერია ამბობდა ხაზგასმით, რომ პრიორიტეტი მიენიჭება არა დეკორატიულ ხეებს, არამედ ფუნქციურ ხეებს, რომელთა ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს თბილისში.

თუმცა, ამ სიაში, გარდა იმ ხეების ჩამონათვალისა, რასაც ჩვენ გავუწიეთ რეკომენდაცია, ეს არის ურბანული ხეები, რომლებიც ჩვენს კლიმატურ ზონაში რეკომენდებულია და პრიორიტეტი ენიჭება არა იმპორტულ ხეებს, არამედ ადგილობრივად გამოყვანილს, შევიდა დეკორატიული ბუჩქები და მცენარეები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ასევე საჭიროა. ბუჩქები ხანდახან საჭიროა და საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, სწორედ ამიტომ არ შევეწინააღმდეგეთ ამ 50 მცენარის ჩამონათვალში ისეთი სახეობების შეტანას, როგორიცაა მაგალითად, ირმის რქა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს არის მეორე ხარისხის საჭიროება.

ამ ნუსხას სჭირდება გონივრულად მართვა – თუ სად, რა ხე დაირგვება და ეს ყველაფერი ფუნქციურად სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.

ვერის ბაღში, სადაც ფიჭვების მასიური ხმობა იყო, ისევე როგორც მთელ თბილისში და არა მარტო თბილისში, არამედ მის შემოგარენშიც და მოიჭრა ძალიან დიდი რაოდენობის ფიჭვი და ამ ეტაპზე ეს ფიჭვები ნამდვილად მოსაჭრელი იყო, მერიამ დადო პოსტი, რომ აპირებენ ალტერნატიული ხეების დარგვას.

ვერაფრით ვერ იქნება ფუნქციურად ფიჭვების შემცვლელი ირმის რქა. მუხა – კი ბატონო, ერთ-ერთი ძალიან კარგი  ხეა, თუმცა მუხას აქვს ძალიან დაბალი ზრდის ტემპი.

ერთ-ერთი ასეთი ხე, რომელიც არის ძალიან სწრაფადა ზრდადი და ფუნქციურად ძალიან გამართლებული, არის  ვერხვი, იგივე ალვის ხე. თუმცა, ვერხვი 50 წელიწადში ბერდება, ხმება და შემდეგ უკვე მოსაჭრელი ხდება.

საბჭოთა კავშირში, ახალ აშენებულ უბნებში, ირგვებოდა ვერხვის ხეები, მაგრამ მათ გვერდზე ირგვებოდა ჭადარი, ცაცხვი.. ის ხეები, რომლებსაც დიდი ხნის სიცოცხლე აქვთ, მაგრამ ნელა იზრდება. 50 წელიწადში, როცა ვერხვი აღარ ევარგებოდა, დანარჩენი ხეები უკვე წამოზრდილი იქნებოდნენ.

ამიტომ კარგი იქნება, თუ ისეთი დროებითი ხეები, რომლებიც სწრაფად იზრდება, როგორიცაა ვერხვი, ცხენისწაბლი, ნეკერჩხალი, მუხა, ცაცხვი და ა.შ. ასეთ გაუდაბურებულ ადგილებში დაირგოს, ოღონდ გვერდით, როგორც საჭიროა, იმ დინსტაციაზე, ისეთი ხეები, რომლებიც ფუნქციურად მისაღებია, მაგრამ ნელა იზრდება.

ირქმის რქა და კატალპა, რომლებიც არიან თბილისში დასარგავი ხეების ნუსხაში, არის ის ორი ხე, რომლებიც მაგნიტია პარაზიტების და სჭირდება გაუთავებლად, საკმაოდ მძიმე პრეპარატებით წამლობა“. – აცხადებს „პარტიზანული მებაღეობა“.

კომენტარისთვის „სითი კვირამ“ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს რამდენიმე კითხვით მიმართა, თუმცა, მათი თქმით, „პარტიზანული მებაღეობის“ გამოხმაურებაზე განცხადებას, ფეისბუკის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე გააკეთებენ.

განცხადებას „სითი კვირა“ გამოქვეყნებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება

როგორც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ საპასუხო განცხადებაში წერია, ვერის ბაღში ასევე ეტაპობრივად დაირგვება 10-15-მდე სახეობის ხე, მათ შორის: ამბრის ხე, მინდვრის ნეკერჩხალი, ჭადარი და სხვა მცენარეები.

უცვლელად გთავახობთ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის განცხადებას: 

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური აგრძელებს ფიჭვების დაავადების შედეგების აღმოფხვრას და სანიტარიული ჭრის პარალელურად, დედაქალაქის სხვადასხვა მწვანე სივრცეში ურბანული გარემოს შესაბამისი ხე-მცენარეების საკომპენსაციო რგვას. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ადგილია ვერის ბაღი, სადაც ამ ეტაპისთვის დაირგო 14 ძირი ხე, მათ შორის 8 მუხა და 6 ირმის რქა. ამ ცალსახად დადებით ფაქტს სოციალურ ქსელში, გარკვეული მოქალაქეების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რაც სრულებით გაუგებარია.
განვმარტავთ, რომ ირმის რქა დაირგო დეკორაციის მიზნით ალპინისტ ჯაფარიძის საფლავის გასწვრივ. რაც შეეხება მუხას, გათვალისწინებულია მისი ზრდის ნელი ტემპი, ამიტომ შეირჩა საშუალოდ 8-მეტრიანი ნერგები.

ვერის ბაღში რგვების დაწყებამდე სანიტარიული მიზნით მოიჭრა 400-მდე დაავადებული და გამხმარი ხე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ თითოეული მოჭრილი ხის სანაცვლოდ დაირგვებოდა ახალი ნერგები. ის, რაც უკვე დაირგო, ჩანაცვლების მხოლოდ მცირე ნაწილია და ძირითადი ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება. ბაღში ეტაპობრივად დაირგვება 10-15-მდე სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ამბრის ხე, მინდვრის ნეკერჩხალი, ჭადარი და სხვა მცენარეები.

ვერის ბაღში რგვების პარალელურად მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობაც ახლადდარგული მცენარეებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხეების დარგვისას სამსახურის მიერ გათვალისწინებულია როგორც ურბანულ გარემოსთან მათი შესაბამისობა, ისე გახარების სისწრაფეც, რათა მაქსიმალურად დროულად დადგეს შედეგი.
დედაქალაქში დასარგავი ხეები ირჩევა 2018 წელს დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ლანდშაფტისა და კლიმატის შესაბამისი ხე-მცენარეების სახეობების სიიდან. ამასთან, ამ სიით განისაზღვრა დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლეც: ფოთლოვანის შემთხვევაში მინიმუმ 3,5 მეტრი, ხოლო წიწვოვანი – 3 მეტრი.

ამ პროცესის კვალდაკვალ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მაქსიმალურად უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას და ინფორმირებას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით“.

 

 

 

კომენტარი