ფონიჭალას კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ფონიჭალას კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

203
გაზიარება

როგორც კრწანისის რაიონის გამგეობიდან იუწყებიან, ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდება, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდება ტრენაჟორები, ასევე, მოეწყობა სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები, ბავშვთა ატრაქციონები და მოსასვენებელი კუთხეები.

სკვერში ოთხი საბავშვო ზონა განთავსდება, რომელიც რეზინის ბორდიურით შემოისაზღვრება. რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის მცენარით გამწვანდება. ხეები და საპროექტო გამწვანების ზოლები ბეტონის ბორდიურით გამოიყოფა.

მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი ახალი სკვერი მოეწყო. მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ფონიჭალაში, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით ერთი დიდი სკვერი უკვე მოვაწყვეთ და ახლა რაგბის სტადიონის აშენებაც იგეგმება. დიდი გეგმებითა და შემართებით ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოსახლეობის სურვილები და საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

ახალი სკვერის მოსაწყობად გამგეობის ბიუჯეტიდან 375 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

კომენტარი