კუს ტბაზე ივნისში დარგული ნერგების ნაწილი გახმა

კუს ტბაზე ივნისში დარგული ნერგების ნაწილი გახმა

147
გაზიარება

მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კუს ტბის გამხმარი ნერგების ფოტოებს აზიარებს და თბილისის მერიის ყურადღებას მო_ითხოვს.

როგორც მალხაზმა „სითი კვირას“ უთხრა, კუს ტბაზე დარგული ნერგების ნაწილი სრულად გამხმარია.

„კუს ტბის ხშირი და ყოველდღიური სტუმარი ვარ. ამ ნერგებს, რომლებიც ივნისში აქ ამოიტანეს, თავიდანვე ვაკვირდებოდი. ნერგების ნაწილი იმდენ ხანს ელაგა ასე, როგორც ფოტოებზე ხედავთ, მგონი, სანამ გადარგეს, მანამდე გახმა. ნაწილი თავიდანვე უკვე გამხმარი იყო. ნაწილმა გაიხარა, ფოთოლი გამოიტანა, მაგრამ შემდეგ გახმა. ნერგების რაღაც ნაწილი ჯერ ისევ ცოცხალია“.

როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პოსტის ავტორს უპასუხა, კუს ტბაზე მცენარეები გეგმის მიხედვით ირწყვება და ყველა მათგანი აუცილებლად ჩანაცვლდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

„კუს ტბაზე მცენარეები გეგმა გრაფიკის მიხედვით ირწყვება. მიუხედავად ამისა, ახალდარგული მცენარეების გარკვეულმა რაოდენობამ ვერ გაიხარა, ყველა მათგანი აუცილებლად ჩანაცვლდება კონტრაქტორი კომპანიის მიერ“.
თუმცა, როგორც მალხაზ მეზვრიშვილმა „სითი კვირას“ უთხრა, ის ჯერ კიდევ პირველ ივლისს ამბობდა, რომ 10-ტონიანი ავზით 4 ჰა ფერდობზე ჩაყრილი ნერგების მორწყვა არასაკმარისი იქნებოდა და ნერგები გახმებოდა.

თუ როგორია, ამ შემთხვევაში, კუს ტბის მცენარეების მორწყვის გრაფიკი, რატომ ვერ გაიხარა ნერგების ნაწილმა, მოხდა თუ არა დროულად ნერგების გადარგვა, მიექცა თუ არა მათ სათანადო ყურადღება, რა ჯიშის მცენარეებმა ვერ გაიხარეს და სხვა კითხვებზე პასუხს „სითი კვირა“ ელოდება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიდან.

 

კომენტარი