კულტურული მემკვიდრეობის შენობაში, რომლის ფასადიც ზაქარია ქუცნაშვილმა მოანგრია, სარემონტო სამუშაოები განახლდა

კულტურული მემკვიდრეობის შენობაში, რომლის ფასადიც ზაქარია ქუცნაშვილმა მოანგრია, სარემონტო სამუშაოები განახლდა

321
გაზიარება

თბილისში, ტურგენევის 4 ნომერში დგას შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და რომელიც აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სასტუმროს აშენების მიზნით იყიდა.

ამა წლის ივნისში კი, ქუცნაშვილმა მის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადი მოანგრია.

ძეგლის უხეში დაზიანება არ დარჩენილა საზოგადოების ყურადღების მიღმა და მალევე, ადგილზე მისულმა, თბილისის ჰამქრის წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა, რომ ქუცნაშვილი ძეგლზე სარემონტო სამუშაოებს არქიტექტურული პროექტის გარეშე, წესების დარღვევით აკეთებდა. ელისაშვილის თქმით: „ძეგლის ფასადიდან სრულად ჩამოიხსნილია ავთენტური დეტალები, ფასადის რესტავრაცია პენოპლასტით ტარდება“.

ასევე ადგილზე მისულმა მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, დოკუმენტაციის საბოლოო შესწავლამდე, ქუცნაშვილს სარემონტო სამუშაოების განხორციელების უფლება შეუჩერა.

მაგრამ დღეს, აღნიშნულ მისამართზე შიდა სარემონტო სამუშაოები გრძელდება. როგორც ქუცნაშვილმა „სითი კვირას“ განუცხადა, იგი ფასადის ნგრევის გამო არ დაჯარიმებულა და სარემონტო სამუშაოებს თბილისის მერიის ნებართვით აგრძელებს.

„მიმდინარეობს ახლა სარემონტო სამუშაოები, მივიღეთ ნებართვა მერიიდან. მანამდე ჯარიმა არ ყოფილა, მხოლოდ გაფრთხილება. ახლა გრძელდება სასტუმროს მშენებლობა“, – აცხადებს ქუცნაშვილი.

თუ რატომ არ დაჯარიმდა აწ უკვე ყოფილი დეპუტატი ძეგლის ფასადის განადგურების გამო, ამაზე თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გვპასუხობს, რომ ინსპექციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იმოქმედა, რაც მათივე თქმით, გულისხმობს, პირველ ეტაპზე ოქმის შედგენას, სადაც გაწერილია ყველა ის მითითება, რომელიც უნდა შეასრულოს ზაქარია ქუცნაშვილმა. მეორე ეტაპზე კი, ამ მითითებების შემოწმებას, რაც, ინსპექციის თქმით, 14 აგვისტოს მოხდება.

სწორედ 14 აგვისტოს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ზაქარია ქუცნაშვილი თბილისში, ტურგენევის 4 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასადის მონგრევის გამო.

კომენტარი