რატომ ხმება კუს ტბაზე ნერგები – რას გვპასუხობს გარემოს დაცვის სამსახური

რატომ ხმება კუს ტბაზე ნერგები – რას გვპასუხობს გარემოს დაცვის სამსახური

169
გაზიარება

5 აგვისტოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კუს ტბის ფერდობზე გამხმარი ნერგების ფოტოები გააზიარა. როგორც მეზვრიშვილი წერდა, ივნისში დარგული ნერგების ნაწილი სრულად გამხმარია. მეზვრიშვილს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უყურადღებობა და გულგრილობაა.

„სითი კვირა“ იმავე დღესვე დაუკავშირდა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, თუმცა, კითხვებზე პასუხები მივიღეთ დღეს:

თუ გაქვთ ინფორმაცია, რა სახეობის ნერგები გახმა კუს ტბის ფერდობზე?
 

კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე ამ ეტაპზე ხმობადია ძირითადად ფოთლოვანი სახეობის (ნეკერჩხალი, იფანი და აკაკი) ნერგები და ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგები.


მოხდა თუ არა დროულად და სწორად ნერგების გადარგვა?

გასაშენებელი ტერიტორიის რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე წინასწარ შერჩეულ იქნა სინათლის მომთხოვნი და მშრალი, განათებული, კლდოვანი ადგილების ამტანი სახეობები.

რაც შეეხება დარგვის პროცესს, ღონისძიების მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში და დასრულდა ივნისის თვეში.

დასარგავად განკუთვნილი 7600-ვე ნერგი მოწოდებულ იქნა დახურული ფესვთა სისტემით, შესაბამისად აღნიშნულ პერიოდში ნერგების დარგვა დასაშვებია.
როგორია მცენარეების მორწყვის გეგმა-გრაფიკი კუს ტბაზე?

 2019 წელს გეგმა-გრაფიკის მიხედვით, დარგული ხეები მოირწყვება 23-ჯერ (ჯერადობა გადანაწილებულია თვეების მიხედვით). გაშენებული ტერიტორიის ფართობია 6.9 ჰა, დარგულია 7600 ნერგი, თითოეულ ნერგზე განსაზღვრულია ყოველ ჯერზე არანაკლებ 20 ლ წყლის დასხმა.


და მაინც, რატომ გახმა ეს ნერგები? რა პასუხი აქვს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს?

მოგახსენებთ, რომ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა რთულ რელიეფურ პირობებში უკვე არსებული, წარსულში გაშენებული ტყის კულტურების შემორჩენილი ერთეული ეგზემპლარების შენარჩუნება და ასევე ახალგაზრდა ხე-მცენარეებით ფართობის აღდგენა-გაშენება.

აღნიშნული ტერიტორიის ნიადაგები ძირითადად წარმოდგენილია საშუალო თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ნიადაგის ზედაპირი დაფარულია ხშირი, გაკორდებული ბალახეული საფარით, ყავისფერი შეფერილობით, მარცვლოვანი სტრუქტურით, სიღრმით კარბონატული. ტერიტორიაზე ასევე გვხვდება კლდოვანი ფენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სავარაუდოდ რთული რელიეფური და კლიმატური პირობების (ივლისის თვეში ტემპერატურა 300-350-მდე მერყეობდა) შედეგად მცენარეების გარკვეული ნაწილის ხმობადია (წინასწარი მონაცემებით ხმობადია საშუალოდ 8-10%), რაც არსებული გამოცდილებით ითვლება კარგ გახარებად. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კუს ტბის მიმდებარედ არსებული ფერდობის აღდგენა-გაშენების პროექტი 4 (ოთხი) წლიანია და ყოველ წლიურად ინვენტარიზაციის შედეგად გამხმარი სახეობები ჩანაცვლდება იდენტური ჯანსაღი ნერგებით. ხოლო 4 წლის შემდეგ კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს ჩააბაროს 100%-იანი გახარებით.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უწყებით, გამხმარი ნერგები კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩანაცვლდება.

 
 

კომენტარი