ტიფლისში დაბადებული პირველი აზერბაიჯანელი ქალი მხატვარი – გეიზარ კაშიევას ისტორია

ტიფლისში დაბადებული პირველი აზერბაიჯანელი ქალი მხატვარი – გეიზარ კაშიევას ისტორია

105
გაზიარება

დღეს მოგიყვებით გეიზარ კაშიევაზე – აზერბაიჯანელ ქალზე, უჩვეულო ცხოვრებითა და ბედისწერით.

გეიზარ კაშიევა დაიბადა 1893 წელს, ტიფლისში (დღევანდელი თბილისი). არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელს აღმოსავლეთში, ისტორიაში შევიდა, როგორც  პირველი პროფესიონალი ქალი მხატვარი.
გეიზარის მამა, სეიფულა, პირველი კლანის ვაჭარი იყო, დედა კი – კაზაკი. გოგონას გაუმართლა, რადგან მისი მშობლები პროგრესულად მოაზროვნეები აღმოჩნდნენ და იმ დროისთვის ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, მას სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

გეიზარი კარგად სწავლობდა, თუმცა პედაგოგები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ სასკოლო საგნებზე მეტად, მას განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭი ჰქონდა. თავიდან მარტივ ჩანახატებს აკეთებდა, მოსწონდა გადახატვა.
მოგვიანებით კი, მხატვრობა მის მთავარ პროფესიად და ცხოვრების გზად იქცა. იმ პერიოდში ტიფლისი კავკასიის კულტურული ცენტრი იყო, სადაც მრავალი ნიჭიერი ადამიანი იყრიდა თავს. ერთხელაც, გეიზარის პირველი ნამუშევრებით გერმანული წარმოშობის რუსი მხატვარ-ილუსტრატორი ოსკარ შმერლინგი დაინტერესდა. ის მიუნხენის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული იყო და აქტიურად თანამშრომლობდა პოპულარულ ჟურნალ „მოლა ნასრედინთან”, (აღნიშნული გამოცემა თავდაპირველად ტიფლისში გამოდიოდა, მოგვიანებით კი ბაქოში).
ოსკარ შმერლინგმა ნიჭიერი აზერბაიჯანელი გოგონას შესახებ თავის მეგობარს, რიჩარდ-კარლ სომერს უამბო და სთხოვა, მისთვის მხატვრის ოსტატობის ყველა საიდუმლოება ესწავლებინა. ეს უკანასკნელი, იმ დროის რუსი მხატვარი, აკვარელისტი და ტიფლისის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი იყო.

ასე შეხვდა გეიზარ კაშიევა ორ დიდ მასწავლებელს, რომლებმაც მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშეს. „შენ უნდა ისწავლო”, „შენ შეძლებ, კავკასიაში პირველი მხატვარი გახდე”, „შენ დიდი ნიჭი გაქვს” , – ამ ფრაზებით ორი ოსტატი მუდმივად ამხნევებდა ნიჭიერ გოგონას. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი წეს-ჩვეულებების გამო მაჰმადიან გოგონას სწავლის მოსკოვში გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა, მან პროფესიონალური განათლება ტიფლისის სახვითი ხელოვნების საზოგადოებაში მიიღო.
მის შემდეგ გეიზარ კაშიევა ამიერკავკასიის მაჰმადიან ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მოხვდა, სადაც თავს იყრიდნენ ტიფლისის თურქულ-მაჰმადიანური ელიტის წარმომადგენელი ქალბატონები. ახალგაზრდა მხატვარი ქმნიდა პლაკატებსა და აფიშებს, ასევე აფორმებდა მოსაწვევებს კულტურული ღონისძიებებისთვის და ა.შ. შემოქმედების ადრეულ ეტაპზე (1907-1915), გეიზარი წერს თავის პირველ პროფესიონალურ ნამუშევრებს აკვარელით, ზეთით, ფანქრით, მელნითა და ნახშირით. იმ პერიოდში, მის მიერ შექმნილი პორტრეტები ტიფლისის გამოფენებზე ძალიან პოპულარული იყო.
ზუსტად მაშინ, როდესაც გეიზარის პოპულარობა პიკს აღწევდა, მას შეუყვარდა აზერბაიჯანელ დიდგვაროვანთა შთამომავალი, სამხედრო პირი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა და ტიფლისში სამკურნალოდ იყო გამოგზავნილი. მას უჩვეულო მამაკაცური სილამაზის გამო, „ცოცხალ აპოლონსაც“ უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი მისი და „მდაბიო ქალის“ შეუღლების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, 1916 წელს სამხედრო ოფიცერი, შირიკ-ბეკი გეიზარ კაშიევაზე მაინც დაქორწინდა. ამ მიზეზით განაწყენებულმა ნათესავებმა ახალგაზრდა მხატვრის მეუღლეს მემკვიდრეობაც კი ჩამოართვეს. შირიკ-ბეკი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და ნამდვილი მეომარი იყო. აქტიურად მონაწილეობდა აზეიბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არმიის ფორმირებაში და იბრძოდა „დიდი დივიზიის“ რიგებში.
1919 წელს ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც შირიკ-ბეკს და გეიზარ კაშიევას მალე გოგონა შეეძინათ. მას ლეა დაარქვეს. ახალგაზრდა მამაკაცი ნიჭიერი ხელოვანის ერთგული საყრდენი და ყველაზე ახლო მეგობარი გახდა. თუმცა, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. დაოჯახებიდან 4 წლის თავზე, დიდი ოქტომბრის რევოლუციის დროს, შირიკ-ბეკი მალარიით დაავადდა და აქტიური სამხედრო საქმიანობის მიტოვება მოუწია. 1920 წელს ის ტიფლისში სამკურნალოდ დაბრუნდა, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა და მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. ახალგაზრდა ქვრივი, გეიზარი მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო აღმოჩნდა. გარდაცვლილი მეუღლის ოჯახმა დედა-შვილი სიცოცხლის ბოლომდე არ მიიღო… გეიზარი შვილთან ერთად ბაქოში გაემგზავრა, სადაც კერვით დაკავდა. ახალგაზრდა ქალი ყველა გზით ცდილობდა, შვილის სარჩენად გროშები გამოემუშავებინა.. ამავდროულად, ის აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემოქმედებით ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული.
გეიზარი ხელმძღვანელობდა ქალთა კლუბ „იმ“-ის სახვითი ხელოვნების განყოფილებას, სადაც ახალგაზრდა ქალებს კლასიკურ ფერწერას ასწავლიდა. გეიზარმა სწორედ იმ წლებში, ზეთით და აკვარელით შექმნა თავისი ცნობილი ნამუშევრები: „კეთილშობილი ქალი“, „ძველი გუშაგი“, „ქართველი გოგონა“, „მონადირე“, „მეხანძრე“, „გოგოლის პორტრეტი“ და ა.შ., მოგვიანებით, გეიზარმა იმ დროისთვის პირველ პოპულარულ ქალთა ჟურნალ „შარლ გადინიში“ (აღმოსავლელი ქალი), ილუსტრაცია გამოაქვეყნა და მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებს გასცდა… მალე აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა და ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა…

30-იან წლებში ახალგაზრდა მხატვარმა პარტიული მუშაკი ზულფუგარ სეუდბეილი გაიცნო, რომელთანაც მეორე ოჯახი შექმნა. გეიზარს კიდევ ერთი გოგონა – ლამია შეეძინა. მათი ოჯახური ცხოვრება მხოლოდ 8 წელი გაგრძელდა, ზულფუგარი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა – კომინისტებმა ის ქვეყნის მტრად შერაცხეს და დახვრიტეს. თუმცა, „საბჭოთა მანქანა” ამით არ შეჩერებულა – ერთხელაც კომუნისტებმა გეიზარსაც მიაკითხეს…ხელოვანი ქალი მალე ციხეში აღმოჩნდა. „ხალხის მტრის ცოლის“ იარლიყით დაკავებულ გეიზარს საცხოვრებელი სახლი წაართვეს და მხოლოდ საპყრობილეში გატარებული 5 წლის შემდეგ, 1956 წელს, მისცეს ფურცელი, სადაც ეწერა: „რეაბილიტირებულია”.

გეიზარმა ხატვა სიცოცხლის ბოლომდე განაგრძო და მთელი ცხოვრება ხელოვნებას დაუთმო. ტრაგიკული ცხოვრების მიუხედავად, ის ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გატეხეს. მხატვარი 1972 წლის 17 აპრილს, ბაქოში გარდაიცვალა. გეიზარ კაშიევას ნამუშევრების, ნახატების, ესკიზების და პირადი ნივთების ნაწილი დღეს აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ინახება, ნაწილი კი ბაქოში, თეატრის მუზეუმშია დაცული.

კომენტარი