შუშას „დამწვარი კულტურა“, მკვეთრი ფერები და მსოფლიოში პირველი ხალიჩის მუზეუმი ბაქოში

შუშას „დამწვარი კულტურა“, მკვეთრი ფერები და მსოფლიოში პირველი ხალიჩის მუზეუმი ბაქოში

95
გაზიარება

აზერბაიჯანში დედაქალაქის დასათვალიერებლად ჩასულ ტურისტს უყურადღებოდ ვერ დარჩება თანამედროვე, ორიგინალური შენობა, რომელსაც დახვეული ხალიჩის ფორმა აქვს. ეს ადგილობრივების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ადგილია და ყველა საპატივცემულო სტუმარს ამ ჯადოსნურ სამყაროში აუცილებლად ეპატიჟებიან…
ბაქოს ცენტრში ავსტრიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული შენობა ხალიჩის მუზეუმს წარმოადგენს და მას აზერბაიჯანის კულტურის მარგალიტსაც უწოდებენ.

თუმცა, ვიდრე ახალ, თანამედროვე ნაგებობას ააშენებდნენ, მუზეუმს თავისი ძალიან ძველი და საინტერესო ისტორია უკვე ჰქონდა..

ლათიფ ქარიმოვი, ვის სახელსაც 1967 წელს პირველი სამუზეუმო, ჯადოსნური სივრცის შექმნა უკავშირდება, აზერბაიჯანის სახალხო, დამსახურებული მხატვარი და ეროვნული ხალიჩების სპეციალისტი იყო.

ლათიფს თავადაც ჰქონდა საინტერესო ბიოგრაფია. აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში, მექუდის ოჯახში 1906 წელს დაბადებულმა ლათიფმა ხალიჩებს თავისი ცხოვრება 14 წლიდან დაუკავშირა, როდესაც ხელნაკეთი ნამუშევრების მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა…  მისი დედა კარგად ფლობდა ხალიჩ​ის შექმნის ტექნოლოგიას და  ახალგაზრდა ბიჭმაც გადაწყვიტა, ხელოვნების ეს დარგი ძირფესვიანად შეესწავლა… ლათიფს ეს შესანიშნავად გამოუვიდა და უკვე მომდევნო წლებში, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად  ყარაბახის ტერიტორიაზე გადავიდა, საყვარელ საქმიანობაში მთელი არსებით ჩაერთო…წლების შემდეგ, სწორედ მისი თაოსნობით, მსოფლიოში პირველად ხალიჩის სპეციალიზირებული მუზეუმის შექმნას ჩაეყარა საფუძველი და დღეს ის სწორედ ლათიფ ქარიმოვის სახელს ატარებს.
პირველი ექსპოზიცია 1972 წელს ჯუმა-მეჩეთში, ბაქოს ძველი ციხე-სიმაგრისიჩერი-შეჰერის ტერიტორიაზე გაიხსნა, თუმცა, მოგვიანებით, 1992 წელს მან სამუზეუმო ცენტრის შენობაში გადაინაცვლა.
აზერბაიჯანის ხალიჩის მუზეუმში დღეს ღირებული ისტორიული ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები ინახება, მათ შორის: გუბიდან, გაბალიდან, შირვანიდან, გაზახიდან, თავრიზიდან, განჯიდან, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან.
თითოეული ექსპონატი აზერბაიჯანის ისტორიას ასახავს. აქ ასევე დაცულია არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. მათ შორის: მე -12 საუკუნის თიხის ჭურჭელი, XIX საუკუნის მხატვრული სამკერვალო და ეროვნული ტანსაცმელი, ლითონის, ხის, მინისა და საიუველირო სამკაულები, იარაღი, ხალიჩები ეროვნული ორნამენტებითა და სიუჟეტით.

მუზეუმში უძველესი ხალიჩა მე -17 საუკუნით თარიღდება. ეს თავრიზის ხალიჩის – „ოვჩულუგის“ ფრაგმენტია. მუზეუმში წარმოდგენილი ზოგიერთი ნიმუში საოჯახო რელიკვიაა, რომლებიც დაწესებულებას  სხვადასხვა დროს მიჰყიდეს ან შესწირეს.

კოლექციაში შედის ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც ქალაქ შუშას ყოფილი ხალიჩის მუზეუმიდან არის წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი წყაროები ყვებიან, 1992 წელს, ყარაბაღის ომის დროს მუზეუმში დაცული ხალიჩების განადგურების  სერიოზული საფრთხე არსებობდა. ამ იშვიათი ნიმუშების შენარჩუნება, შუშას მუზეუმის დირექტორმა შეძლო, თუმცა დიდი რისკის ფასად… მან მუზეუმიდან დაახლოებით, 600-მდე ხალიჩა „იხსნა“ და ბაქოში სამხედრო მანქანებით ჩაიტანა…

დღეს, ეს ხალიჩები შეიძლება აზერბაიჯანის დედაქალაქის მუზეუმშია დაცული და  ცალკე კუთხეც აქვს გამოყოფილი, გამოფენას კი სიმბოლური სახელწოდება აქვს – „დამწვარი კულტურა“.

დღეს მსოფლიოში პირველი სპეციალიზირებული მუზეუმის
ფუნქციებში ხალიჩების შეგროვება, შენახვა და მათი შესწავლაც შედის.

აქ აზერბაიჯანის ტრადიციული ხელოვნების დარგებთან სიმბიოზში ხალიჩების დემონსტრაცია ხდება. ჯამში მუზეუმის კოლექცია ხალიჩების, ტანისამოსის, ნაქარგების, სპილენძის მჭედლური საგნების, საიუველირო ნაწარმისა, ხის და შუშის თანამედროვე ნაკეთობების 14 000 ეგზემპლარს ითვლის. მუზეუმი ამავდროულად აზერბაიჯანის ხალიჩების შესწავლისა და განვითარების ცენტრს  წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ის აზერბაიჯანული ხალიჩებისადმი მიძღვნილ რიგ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობდა. პირველი ასეთი სიმპოზიუმი ჩატარდა 1983 წელს იუნესკოს ეგიდით. შემდგომი სიმპოზიუმები გაიმართა 1988, 2003 და 2007 წლებში; ბოლო სიმპოზიუმს კი პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინამ უმასპინძლა.

მუზეუმის კოლექცია მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში არის ნაჩვენები, რომელთა შორის ევროპის ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ჰოლანდია, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ხოლო აზიის ქვეყნებს შორისაა ინდოეთი, ირანი, ისრაელი, თურქეთი. ასევე, კოლექცია გამოეფინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კუბასა და აშშ-ში.

2008 წლის 17 მაისს, ბაქოში მუზეუმის ახალი ორიგინალური შენობის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებაში იუნესკოს გენერალური დირექტორი კოიტირო მაცურაც მონაწილეობდა. ეს ინიციატივა ქვეყნის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას ეკუთვნის, პროექტი კი ალიევის ფონდმა დააფინანსა.

შენობას ძალიან საინტერესო  არქიტექტურა აქვს – მას დახვეული ხალიჩის ფორმა აქვს. საინტერესო ნაგებობის ავტორი ავსტრიელი ფრანს იანსია.

ახალი შენობა 2012 წლის ბოლოს გაიხსნა. 2014 წლის აპრილში კი მუზეუმს აზერბაიჯანის ეროვნული ხალიჩების მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, რამაც მას „ოფიციალურობა“ შემატა.

აღსანიშნავია, რომ უძველესი დროიდან აზერბაიჯანი ცნობილია, როგორც მრავალფეროვანი ხელოვნების ცენტრი. არქეოლოგიური გათხრები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ამტკიცებს, რომ სოფლის მეურნეობის, მარაგების ამაღლების, ლითონის სამუშაოებისა, კერამიკის და ხალიჩის კულტურაჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულში  ძალზედ განვითარებული იყო.

აზერბაიჯანში არქეოლოგიური გათხრების შედეგები ხალიჩების ტრადიციების ანტიკურობას ადასტურებს.

კომენტარი