რატომ მოიკლა თავი ქალწულმა – ლეგენდა შაჰის ასულზე და ბაქოს სავიზიტო ბარათი

რატომ მოიკლა თავი ქალწულმა – ლეგენდა შაჰის ასულზე და ბაქოს სავიზიტო ბარათი

228
გაზიარება

ის ქალაქის სავიზიტო ბარათი და ბაქოელების საამაყო ადგილია. აზერბაიჯანის დედაქალაქში ჩასულ ტურისტებს ქალწულის კოშკი ყურადღების მიღმა ვერ დარჩებათ, ისევე, როგორც სევდიანი ლეგენდა მის შესახებ.

მაინც ვინ იყო “ქალწული” და რა სასიყვარულო ამბავს ინახავს ყიზყალასი (სწორედ ასე უწოდებენ შენობას ადგილობრივები).

ქალწულის კოშკის წარმოშობის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, შაჰმა თავისი ქალიშვილის გათხოვება იმ კაცზე გადაწყვიტა, რომელიც მას არ უყვარდა. გადაწყვეტილების შესაცვლელად, ქალწულმა მამას კოშკის აგება სთხოვა და დაჰპირდა, რომ მისი მშენებლობის დასრულებისთანავე გათხოვდებოდა. შაჰმა პირობა შეასრულა. ქალწულს იმედი ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში მამა მის იძულებით გათხოვებას გადაიფიქრებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რის შემდეგაც, ქალწული კოშკის თავზე ავიდა და ზღვაში გადახტა.

ლეგენდის კიდევ სხვა ვერსიაც არსებობს: მას შემდეგ, რაც ქალწული ზღვაში გადახტა, მისმა შეყვარებულმა შური იძია და შაჰი მოკლა, მაგრამ, მალე მან გაიგო, რომ გოგონა ქალთევზებმა გადაარჩინეს. გავიდა დრო და  შეყვარებულებმა ერთმანეთი იპოვნეს და დაქორწინდნენ.

არსებობს მოსაზრებაც, რომ ქალწულის კოშკთან სიკვდილით დასაჯეს წმინდა ბართლომე, იესო ქრისტეს თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი. ისტორიული წყაროებით ცნობილია, რომ ბაქოს ტერიტორიაზე ბართლომე პირველ საუკუნეში გამოჩნდა და ის წარმართულ ტომებს შორის ქრისტიანობას ქადაგებდა.

რაც შეეხება ისტორიას, მისი მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ის XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლია. 22 მეტრის სიმაღლის ნაგებობა დანაწევრებულია 8 იარუსად.
ისტორიულად ცნობილია, რომ კოშკი თავდაპირველად ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის ცენტრალური გამზირი და ხეივანი მდებარეობს.
ვარაუდობენ, რომ შენობა ორ ეტაპად აშენდა და ეს პროცესი თავდაპირველად, ისლამის წინა ეპოქაში დაიწყო.
XVIII-XIX საუკუნეებში ყიზყალასი შუქურად გამოიყენებოდა, რომელმაც ციმციმი 1858 წლის 13 ივნისს დაიწყო, მანამდე კი მასზე ციხის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, 1907 წელს შუქურა კუნძულ ბოუქ-ზირაში გადაიტანეს.
ქალწულის კოშკი სხვადასხვა დროს რამდენიმეჯერ რესტავრირდა. XIX საუკუნეში რუსული სამხედრო განყოფილების მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისას შენობის თავიდან ქონგურები გაქრა, რომლებიც თავდაცვას ემსახურებოდა. 1964 წელს, ქალწულის კოშკი მუზეუმად გადაკეთდა, ხოლო 2000 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. უკანასკნელად შენობის რესტავრაცია 2012-2013 წლებში განხორციელდა.

2010  წლიდან, ბაქოში  ყიზყალასის პოპულარიზაციის მიზნით  საერთაშორისო ფესტივალი – “ქალწულის კოშკი” ტარდება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები კოშკის მაკეტებს ქმნიან.

კომენტარი