კვირის აფიშა

კვირის აფიშა

121
გაზიარება

გაეცანით იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომლებიც მიმდინარე კვირაში არ უნდა გამოტოვოთ:

ქართული ტრადიციული სამოსის ექსპოზიცია და ფოტოგამოფენა

ფოლკლორის ცენტრში შეგეძლებათ ნახოთ XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსის, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ოქრომკედით ნაქარგობის ნიმუშები. ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსის ნიმუშები.
ასევე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში წარმოდგენილი იქნება ფოტოჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია – ,,ეს ჩემი საქართველოა“.

სად: ფოლკლორის ცენტრი, დავით აღმაშენებლის გამზირი 68
როდის: 19 აგვისტო | 10:00 სთ


რაჭის მინიფესტივალი

CinéDOC-On Tour- ის ფარგლებში 20 აგვისტოს რაჭის პირველი მინიფესტივალი გაიხსნება.
მაყურებელს საშუალება მიეცემა ნახოს საერთაშორისო და ქართული დოკუმენტური ნამუშევრები. კინოჩვენებები გაიმართება ქალაქ ონში, ამბროლაურსა და სოფელ ღებში.
რაჭის მინიფესტივალი 23 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ტრადიციისამებრ, თითოეული ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

*მინიფესტივალის პროგრამა იხილეთ ბმულზე: http://www.cinedoc-tbilisi.com/wp-content/uploads/2019/08/Racha-Mini-Festival_Program.pdf

სად: რაჭა
როდის: 20-23 აგვისტო | 20:00სთ


ხატვის ვორქშოფი

ხელოვნების სტუდია „ლანარტი“ | “LanArt” გიწვევთ ხატვის ვორქშოფზე:

„გგონია, რომ ხატვა საერთოდ არ გეხერხება? მოდი და გააოცე საკუთარი თავი!
ან იქნებ თვლი, რომ კარგად ხატავ? მაშინ მოდი და შენი თავი აქ გამოსცადე!
აღმოაჩინეთ ხელოვანი თქვენში!
დაუთმეთ ხატვას 3 საათი და ამაყად წადით სახლში თქვენ მიერვე შესრულებული შედევრით.
რაც მთავარია: ვხატავთ ზეთში !
ვორქშოფის ფასია 40 ლარი. ფასში შედის ტილოც, საღებავებიც, ფუნჯებიც, მასტიხინი, ერთჯერადი წინსაფრებიც და ხატვისთვის საჭირო ყველა სხვა აქსესუარი“.

სად: LanArt – ხელოვნების სტუდია, ბარნოვის 83.
როდის: 21 აგვისტო | 19:00სთ


ლეგენდები თოჯინებზე – საგანამანთლებლო პროგრამა

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საგანამანთლებლო ცენტრი გიწვევთ ამერიკელი მეთოჯინე, ბურნი ფავერთან შეხვედრაზე, სადაც შეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდებს თოჯინებზე, დაამზადებენ თოჯინა-მარიონეტებს ნაცნობი ზღაპრებიდან და შექმნილი მარიონეტებით „გააცოცხლებენ“ ზღაპარს.
თოჯინა-მარიონეტი – თეატრალური თოჯინის ტიპია, რომელიც ბავშვს მოძრაობაში თოკების საშუალებით მოყავს. თოჯინა-მარიონეტი კიდევ უფრო მეტად მშვენიერია იმით, რომ ის ბავშვის ხელში – „ცოცხლდება“! თვითონ ბავშვი „თამაშობს“ თოჯინის ნაცვლად და ამ თამაშში მას ეხმარება უფროსი ადამიანი. ასეთი უფროსი მეგობარი ბავშვებს ბურნი ფაუერი ჰყავთ, რომელიც მათ მარიონეტების შექმნის ისტორიის გაცნობასთან ერთად, თოჯინის შექმნაშიც ეხმარება.
შეხვედრას გაუძღვება ბურნი ფავერი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მარიონეტებისა და თოჯინური ხელოვნების კვლევაში.
თოჯინა-მარიონეტების მასტერ-კლასები, თანმხლები თეატრალიზებული მახასიათებლებით, ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და გასაგები შემოქმედებითი აქტივობის ფორმაა ნებისმიერი ასაკის ადამინისთვის. თამაშით გაცოცხლებული ზღაპრული სამყაროს შექმნა ძალიან საინტერესო პროცესია.
თოჯინა-მარიონეტის დამზადება – უჩვეულო საქმიანობაა, თოჯინის გაკეთება სულაც არ არის რთული და ბავშვებს ძალიან უყვართ და ეს სიყვარული უფრო ძლიერდება, როცა საინტერესო და ლამაზ სათამაშოს თავიანთი ხელით ამზადებენ.

სად: დიმიტრი ბაქრაძის ქ.N 10

როდის: 22 აგვისტო | 15:00 სთ

ღირებულება: 10 ლარი


ჯონ ლენონის საღამო – მუსიკა და წიგნის წარდგენა
„კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ადამიანი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ჯონ ლენონის ასეთი შეფასება გადაჭარბებულად არ მოგეჩვენებათ, როცა მის მიერ განვლილ ცხოვრების წლებს მივადევნებთ თვალს.“
თუ შენ ჯონ ლენონი გიყვარს, მის სიმღერებზე პულსი გიჩქარდება ან საერთოდ გინელდება და მიგაჩნია, რომ მასზე დიდი მუსიკოსი ცოტა თუ დაბადებულა სამყაროში, მაშინ, აუცილებლად უნდა მოხვიდე ჯონ ლენონის საღამოზე, სადაც მის შესახებ ახალგამოცემული წიგნის წარდგენაც გაიმართება. წიგნს წარადგენს ავტორი, თემურ ტონია.
საღამოს ლენონის ცნობილი სიმღერებით მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი „ნალი“.
სად: ახალი მზიური|მზიურის კაფე, ჭავჭავაძის I ჩიხი 23
როდის: 22 აგვისტო | 19:00სთ


ვახო ბუღაძის გამოფენა „სამი, ოთხი”

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის ,,თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ ვახო ბუღაძის გამოფენას ,,სამი, ოთხი”.
ვახო ბუღაძე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის მიერ გააზრებული ნებისმიერი თემატიკა, დაფარული სათქმელის ამოხსნით იწყება და მთავრდება. ძირითადად, მისი შემოქმედებითი გზა, სწორედ ხელოვნების, ქანდაკებისა და მხატვრობის შესაძლებლობათა რაფინირებული გამოყენებით, რეალობის მწვავე აღქმით ხასიათდება.
ავტორის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ინსპირაციად იქცა 70-იან წლებში, უმეტესად მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ცალკეული უზუსტობების გამო ფოტოქაღალდი ზიანდებოდა, უჩნდებოდა ლაქები, ხანდახან საერთოდ იცვლიდა ფერს. ზოგჯერ ერთ ფოტოში ნეგატივიც და პოზიტივიც ერთდროულად ჩანდა. გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ძიებებს ასახავს და მოიცავს კონცეპტუალურად დატვირთულ და მრავლისმთქმელ ნამუშევრებს.
ვახო ბუღაძესთან ერთად, პროექტში მონაწილეობენ ხელოვანები – გოგი ოქროპირიძე და კატრინ ბოლტი.
გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი ვახო ბუღაძის შესახებ.

სად: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8

როდის: 23 აგვისტო | 10:00 – 17:00 სთ

ბილეთის საფასური:
ზრდასრული – 5 ლარი
სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და პენსიონერი – 50 თეთრი
ბავშვი 6 წლამდე უფასო

გამოფენა 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.


თბილისური ბაზარი

მარკეტების სერია – თბილისური ბაზარი – Tbilisi Street Market, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური / Economic Development Office-ის მხარდაჭერით გრძელდება და ამ შაბათ-კვირასაც გაიმართება.

„თბილისური ბაზარი“ საინტერესო და მრავალფეროვანი სავაჭრო სივრცეა, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და დაეხმაროს მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებასა და ცნობადობის გაზრდაში.

სად: რუსთაველის გამზირი 8
როდის: 24 – 25 აგვისტო | 12:00 – 21:00 სთ

კომენტარი