გორგასლის ქუჩის განვითარების სამი კონცეფცია – მიმდინარეობს განხილვა

გორგასლის ქუჩის განვითარების სამი კონცეფცია – მიმდინარეობს განხილვა

658
გაზიარება

თბილისის განვითარების ფონდმა, ამა წლის 11 ივნისს, ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციაზე 5 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით: ზემოაღნიშნული საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდიდან 300 არაგველის ხიდამდე. და მოიცავს დაახლოებით 9 ჰექტარს.

კონკურსის მიზანია: ამ ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის საუკეთესო ესკიზის გამოვლენა, რომლის საფუძველზეც დამუშავდება დეტალური მუშა პროექტი და ეტაპობრივად განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიზანია:

1. გორგასლის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა
2. სავალი ნაწილის მიწისქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით;
3. საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი, ასევე გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე -საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა.
4. საპროექტო ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დაკავშირება საფეხმავლო ხიდით ან სხვა საშუალებით.

სატენდერო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ: სანაპიროს საფეხმავლო ბულვარად თუ სარეკრეაციო სივრცედ გარდაქმნის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ახალი განაშენიანების გაჩენა სანაპირო ზოლზე, რომელიც ჩაკეტავს ხედებს ხარფუხის ფერდიდან მეტეხის წარბისკენ.ხედები მტკვრის და კლდის მხარეს სარეკრეაციო სივრციდანუნდა იყოს მთლიანად გახსნილი განივი მიმართულებით,რათა დამსვენებელს საშუალება მიეცეს იგძნოს თავი ბუნებრივ გარემოში.ახალი ფუნქციურად გამართლებული ნაგებობების განთავსება შესაძლებელია გარკვეულ ადგილებში, მაგალითისთვის იქ, სადაც დონეთა ნიშნულებს შორის საგრძნობი სხვაობაა,იმგვარად, რომ არ დაიფაროს უნიკალური ხედები ხეობის მიმართულებით.

კონცეფციაში უნდა აისახოს მტკვრისა და ქალაქის დაახლოების ტენდენცია, კერძოდ ბუნებრივი რელიეფის აღდგენის შესაძლებლობა,რაც ისტორიული თბილისის ბუნებრივ განვითარებას პასუხობს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები:

1. „მწვანე“ სივრცის მნიშვნელოვანი ზრდა.
2. გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე-საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა.
3. მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის საფეხმავლო კავშირის გაჩენა.

  1. მტკვრის სანაპიროს დაკავშირება ახლად შექმნილ სარეკრეაციო სივრცესთან, სანაპირო ზოლის სრულად რეაბილიტაცია, სანაოსნო პირსების ან/და სხვა არქიტექტურული, ფუნქციური ელემენტების განთავსება.
    5. არსებული სარეკრეაციო სივრცეების შერწყმა ახალ სარეკრეაციო სივრცეებთან და ერთიანი დიზაინის კონცეფციის შემუშავება.
    6. საპროექტო ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის წვდომისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
    7. საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ, არსებული განაშენიანებული სივრცესა და საპროექტო სარეკრეაციო სივრცეს შორის სწორი კავშირის გაჩენა.

 სატენდერო დოკუმენტაციის შეზღუდვები:

  1. საპროექტო არეალში დაუშვებელია არსებული ჯანსაღი ხეების მოჭრა.
  2. საპროექტო არეალში დაუშვებელია არსებული გამწვანებული ზედაპირის ფართობის შემცირება.
  3. დაუშვებელია ქუჩების სიგანის შემცირება სხვადასხვა კაპიტალური შენობა-ნაგებობების აშენების ხარჯზე.
  4. საფეხმავლო ან რეკრეაციულ ნაწილში მოწყობილი ახალი სავაჭრო თუ კომერციული ობიექტების რაოდენობა, მასშტაბი და ფუნქციები უნდა იყოს საპროექტო არეალის ერთიანი კონცეფციის შესაბამისი.

ამ დროისათვის ტენდერი დასრულებულია. მიღებულია ოთხი კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია. ეს კომპანიებია: შპს „ლურჯი სტუდია“, „ნეო-ა“, შპს „თ-არქიტექტსი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“.
აღსანიშნავია, რომ შპს „ლურჯ სტუდიას“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის გამო, ამიტომ ამ ეტაპზე, მხოლოდ დანარჩენი სამის მიერ წარდგენილი წინადადებების შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.

1. შპს „თ-არქიტექტსის“ კონცეფცია: 


მტკვრის სანაპირო დიზაინის პროექტი

„ჩვენი წინადადება ქალაქის ცენტრში გამავალი მაგისტრალის მოშლას და მის ქვემოთ, ნაწილობრივ გვირაბში, ნაწილობრივ კი ზედაპირზე მოქცეული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას, მდინარის ურბანულ ქსოვილთან დაახლოებას, მის ირგვლივ კი სარეკრეაციო ზონის (მცირე ბაზრობების, კაფეების, ამფითეატრების, საბავშვო მოედნების, სასეირნო  და ველობილიკების, სკეიტ პარკის, ისტორიული ხიდებისა გვერდზე ახალი საფეხმავლო ხიდის,მტკვარზე ტურისტული სასეირნო ნავების სადგომების) მოწყობას გულისხმობს.

ძველი სატრანსპორტო სქემის თანახმად: ავტომანქანების ნაკადები ჰეიდარ ალიევის ბაღიდან  გულიას ქუჩამდე გაყოფილი იყო გამწვანებული ზოლით, რომელიც სრულიად გამოუყენებელი იყო როგორც რეკრეაციული ელემენტი.
ახალი სქემა გულისხმობს: ამ მაგისტრალების მთლიან დემონტაჟს და მის მაგივრად ორ დონიანი მიწისქვეშა საავტომობილო გზის აშენებას, დარჩება მხოლოდ მცირე ზოლი  განაშენიანების მიმდებარედ ადგილობრივი მოსახლების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწისქვეშა გაჩერებებზე ჩასასვლელად (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გასწვრივ) მოეწყობა კიბეები და ლიფტები.

გამოთავისუფლებული ტერიტორია პირობითად დაყოფილია ხუთ ერთეულად:

1. პირველი – საელჩოს მიმდებარედ. მაგისტრალის დემონტაჟის შედეგად მთლიანად ინტეგრირდება არსებულ გამყოფ ზოლთან, უკვე არსებული მწვანე საფარი კარგი საწინდარია აქ მოქალაქეთა კულტურული დასვენებისა (პიკნიკები, სხვადასხვა ქუჩის თამაშები) 300 არაგველის მონუმენტის გარშემო შემოთავაზებულია წრიული პანორამული სათვალავის და ნავმისადგომის მოწყობა.
2. მეორე ერთეული დაეთმობა საბავშვო მოედნებს,  სკეიტ პარკს.
მესამე ერთეულის მდებარეობიდან გამომდინარე (არსებული საცხოვრებელი განაშენიანების გასწვრივ) წინადადებით ამ ადგილას ნაგულისხმებია კაფეების ღია ტერასების განლაგება, თვით კაფეები კი მოეწყობა შენობებში, რაც ერთი ორად გამოაცოცხლებს ამ მონაკვეთს.
3. მეოთხე ერთეული – თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შენობის გასწვრივ დათმობილი აქვს სარელაქსაციო სივრცეს, გამომდინარე შენობის ფუნქციური თავისებურებისა შესაძლებელია აქ იმართებოდეს ჩვენში დღითიდღე პოპულარული აღმოსავლური ვარჯიშების (იოგა, ტაი-ჩი) მეცადინეობები, თანაც ამ ნაწილს აქვს უშუალო საფეხურებიანი ჩასასვლელი მდინარესთან, რაც დამატებით ხიბლს მისცემს ადგილს სულიერი ვარჟიშების ჩატარების  შესაძლებლობის თვალსაზრისით.
4. ბოლო კლასტერი გააზრებულია როგორც აზიურევროპული ქალაქის აგორა, ტიპიური თანმხლები ელემენტებით, საკვირაო სასოფლო სამეურნეო და ადგილობრივი რეწვის  მცირე ბაზრობით, flea market-ით, ნავმისადგომით.


2. შპს „არტსტუდიო-პროექტის“ კონცეფცია

არსებული მდგომარეობის მიმოხილვა
მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან, მას მერე რაც თბილისმა ეტაპობრივად გაწყვიტა კავშირი მტკვართან, აღნიშნული ტერიტორია ძირითადად გამოიყენება როგორც ქალაქის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირი 4-4 ზოლიანი ქუჩებით სანაპიროს ზედა და ქვედა დონეზე.
გზის საფეხმავლო ნაწილი მდინარის გასწვრივ მხოლოდ 4 მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სატრანსპორტო დერეფანი მძლავრ ბარიერს წარმოადგენს ფეხმავალთათვის მით უმეტეს, რომ სიჩქარის შეზღუდვა აღნიშნულ ტერიტორიაზე 60-70 კმ/სთ-ია, ხოლო შუქნიშნები საპროექტო მონაკვეთში ფაქტობრივად არაა.

რაც შეეხება საქვეითო ზებრებს, მათი გამოყენება შეუძლებელია არსებული დასაშვები სიჩქარის პირობებში. შესაბამისად საფეხმავლო ზოლი მდინარის გასწვრივ ფაქტობრივად გამოუყენებელია.
იგივე მიზეზების გამო მიუწვდომელია ფეხმავალთათვის 300 არაგველის მონუმენტის მიმდებარე 40მ სიგანის ბულვარი გზებს შორის.

რაც შეეხება პარკს, რომელიც გრიშაშვილისა და გორგასლის ქუჩებს შორისაა მოქცეული, მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
გორგასლის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლების გარდა განლაგებულია რამდენიმე სასტუმრო, რესტორნები, ასევე ბალნეოლოგიური კურორტი და აზერბაიჯანის საელჩოს შენობა. გორგასლის ქუჩას საპროექტო მონაკვეთში უერთდება 7 ქუჩა.

საინჟინრო კომუნიკაციების კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ქვედა ქუჩის ქვეშ განლაგებულია 2000 მმ.-იანი კანალიზაციის კოლექტორი, რომელიც თბილისის საკანალიზაციო სისტემას აკავშირებს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობასთან.

ჩვენი საპროექტო კონცეფციის ძირითადი იდეები ეყრდნობა დასავლური სამყაროს თანამედროვე ქალაქების საუკეთესო გამოცდილებას და თანამედროვე მიდგომებს ისტორიული უბნებისა და მდინარესთან ურბანული გარემოს ადაპტაციის მიმართულებით.

ჩვენი კონცეფციის ძირითადი შედეგი უნდა იყოს:
• 80 წლიანი წყვეტის შემდეგ ისტორიული გარემოს შემობრუნება მდინარისკენ;
• ახალი გრძივი სარეკრეაციო არეალის მოწყობა დაახლ. 9 ჰა ფართობზე; მინიმალური სიგანე 28 მ-ია, ხოლო მაქსიმალური 65 მ.
• სატრანზიტო და ჩქაროსნული მოძრაობის შეზღუდვა ქალაქის ისტორიულ ნაწილში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროექტის მიხედვით ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია არსებული ტოპოგრაფიის მინიმალური ცვლილებით, არსებული ხე-ნარგავების სრული შენარჩუნებით, მოკლე ვადებში შესაბამისი ეტაპობრივობით.

ჩვენი ძირითადი იდეა: 
• გორგასლის ზედა ქუჩის შენარჩუნება 4 ზოლიანი მოძრაობით;
• სატრანსპორტო დატვირთვის მარცხენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე გადატანა;
• გორგასლის ქვედა ქუჩასა და არსებული ბულვარის ადგილზე სარეკრეაციო არეალის მოწყობა; • იუსტიციის სახლისა და მეტეხის ხიდს შორის 5 ზოლიანი ქუჩის 4 ზოლიანად გადაკეთება და გამოთავისუფლებული ფართობის ხარჯზე საფეხმავლო და საველოსიპედო მწვანე კავშირის გაჩენა იუსტიციის სახლის მიდამოებში მიმდინარე პროექტებსა (დედა ენის ბაღი, მტკვართან სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის პროექტი) და ჩვენს საპროექტო არეალს შორის, რის შედეგადაც მივიღებთ 4 კმ-იან უწყვეტ მწვანე სივრცეს მტკვრის გასწვრივ.


3.  შპს „ნეო-ას“ კონცეფცია

ბულვარის სივრცითი კომპოზიცია აწყობილია ახალი მოედნების, ბაღების, სანაპირო ზოლისა და ხარფუხის ფერდიდან მტკვრისკენ ჩამომავალი ისტორიული ქუჩების მთლიანობაზე.

როგორც ცნობილია უბნის რელიეფმა მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა სანაპიროსა და ორთაჭალჰესის მშენებლობის შედეგად. სანაპიროს გასწვრივ გამავალმა სამანქანო გზამ ჩაკეტა ფერდის კავშირი მტკვართან. ორთაჭალჰესის მშენებლობამ კი მდინარის დონე აწია ექვსი მეტრით. ჩვენ შეძლებისდაგვარად შევეცადეთ აღგვედგინა ბუნებრივი ლანდშაფტური რელიეფი, რომელიც თაბორის ფერდის მტკვრის სანაპიროსთან ქანობიან ბმაში მდგომარეობდა.

რესტორან „პურის სახლის“, სასტუმრო „მერკურის“’ და „ბალნეოლოგიური კურორტის“ შენობების წინ შევქმენით ქვაფენილიანი მოედნების გადაბმული სისტემა. არსებული დონეთა სხვაობა სანაპიროს ნიშნულსა და ზემოთ ჩამოთვლილ მოედნებს შორის გამოვიყენეთ მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად (200 -მდე ავტომობილზე).

რესტორან „პურის სახლის“ წინ დაიგეგმა პირველი მოედანი-ტერასა, რომელიც გამოყენებული იქნება ხელოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადლოებრივ სივრცედ. ამ ადგილს უკვე გააჩნია თავისი სიმბოლური დატვირთვა იქ განთავსებული ნიკო ფიროსმანის ძეგლის გამო. აქედან გამომდინარე მოედნის შემდგომი კეთილმოწყობაც სასურველია თემატურად კავშირში იყოს ”ნიკალასთან“ და სავსებით დასაშვებია მომავალში გახდეს თბილისელი მხატვრებისა და არტისტების თავშეყრის ადგილი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იგეგმება რესტორან „პურის სახლის“ რეაბილიტაციაც, რომელიც არსებული შენობის კულტურულ-საგალერეო სივრცედ გარდაქმნას ითვალისწინებს, ქართული სამზარეულოს კულტურულ ჭრილში წარმოჩენისა და პრეზენტირების მიზნით, შემდეგი ტერასა-მოედანი განთავსდება სასტუმრო „მერკურის“ წინ, ასევე საზოგდოებრივი დატვირთვით.

„ბალნეოლოგიური კურორტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება შედარებით დიდი ზომის მოედანი-ტერასა, სადაც ვფიქრობთ კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელი სივრცის მოწყობას. აქვე განთავსდება მოძრავი სცენა, სინათლის თეატრი, მეტეხის კლდეზე ლაზერული ინსტალაციების წარმოსადგენად, მოედნის სივრცეში ჩაფიქრებულია წყლის აუზისა და შადრევნების განთავსებაც.

ბულვარი ორთაჭალის მიმართულებით გრძელდება მულტიკულტურული ბაღების რიგით, რომლებიც 3-დან 4000მ2-მდე დენდროპროექტების მიხედვით დადგეგმარებულ ტერიტორიებს წარმოადგენენ, ამ ბაღებში იქნება განთავსებული ასევე „ზამთრის ბაღები“, 200 მ2მდე მსუბუქი შემინული პავილიონები, რომლებშიაც განთავსდება რესტორნები და კაფეები.

სანაპიროს ზოლს სივრცითად ვინარჩუნებთ არსებული სახით, ამასთან ბუნებრივად ვუერთებთ მას ხარფუხის ფერდიდან ჩამომავალ ისტორიულ ქუჩებს. ზოგიერთ მათგანს ქუჩაკიბეების მეშვეობით. სანაპიროს ზოლზე განთავსდება ველობილიკებიც. ზემოაღნიშნული ტერასები, ამავდროულად გამოყენებული იქნება როგორც ნავსაყუდელები ან ტრადიციული თბილისური წყლის წისქვილების ადგილები. ძველთბილისური წყლის წისქვილების ფორმების დაბრუნება რეაბილიტირებულ სანაპიროზე საინტერესოს ხდის პროექტს კომერციული კუთხითაც.

მიწისზედა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შემდეგნაირია:

გორგასლის ქუჩის ზედა ნიშნულზე, შენობების გასწვრის განთავსებული სამანქანო გზა მცირდება იმგვარად, რომ რჩება ერთი ზოლი მსუბუქი მომსახურე მანქანებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ორი გვერდითი ზოლი ავტობუსების სამოძრაოდ.

ყველა ჩამომავალ ქუჩას ძველებურად ექნება კავშირი ბულვართან, უფრო მეტიც, აღდგება და დაემატება ქუჩათა ქსელის გარკვეული რაოდენობა, რომელიც სრულფასოვანს გახდის საპროექტო არეალს სატრანსპორტო კუთხით.

სამანქანე ზოლი განკუთვნილი იქნება ძირითადად მომარაგების, სახანძრო და სასწრაფო მანქანებისთვის, ასევე გარკვეული ღონისძიებების დროს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ავტობუსები ივლიან შეუფერხებლად ორივე მიმართულებით. ტრანსპორტის მოძრაობისთვის გამოყოფილი მიწისქვეშა და მიწისზედა სივრცეები სამომავლოდ მისი მოდიფიკაციის საშუალებასაც იძლევა.

მიწისქვეშა გვირაბი ოთხზოლიანია და გათვლილია ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გამტარიანობაზე. გვირაბი განთავსებულია სანაპიროს ნიშნულის დაბლა. ის შეძლებისდაგვარად დაცილებულია სანაპირო ზოლს და მის მიმდებარედ განთავსებულ კოლექტორს.
მოედნების ქვეშ და გვირაბის თავზე მოეწყობა ავტოფარეხები დაახლოებით 200 ავტომობილზე. მიწისქვეშა გვირაბში გათვალისწინებულია დამატებითი ბმა ბალნეოლოგიური კურორტის მიმდებარე ტერიტორიის მიწისქვეშა სივრცესთან. ამის აუცილებლობა გამოიწვია გრიშაშვილის ქუჩის ქვედა ტერიტორიის ბალნეოლოგიური ფუნქციით განვითარების სამომავლო პერსპექტივებმა. ფუნქციურად დატვირთულ ბულვარს და მიმდებარე ტერიტორიებს დასჭირდებათ დამატებითი ავტოსადგომები. ამრიგად გვირაბიდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ ხარფუხის უბანში, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა და პირიქით. საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს ახალ ბულვარს მეტეხის წარბთან. მისი დიზაინი ჩვენი ხედვით უნდა იყოს სადა, მინიმალისტური არქიტექტურული გადაწყვეტის, რომ ზედმეტი ფორმებით არ გადატვირთოს, ისედაც დატვირთული ისტორიული ლანშაფტური გარემო.

რაც შეეხება საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ნარგავებს, ისინი წარმოდგენილი არიან ძირითადად ჭადრებისა და წიწვოვანი ჯიშის ხეების ერთობლიობით.
გვირაბის მოწყობა, განსაკუთრებით პანდუსის არეალში აუცილებლობას ქმნის მოხდეს არსებული ჭადრების გარკვეული რაოდენობის გადარგვა მომიჯნავე სივრცეებში.
ერთიანი დათვლით საქმე ეხება შედარებით ახალგაზრდა ჭადრებს (არსებული ჭადრების მთლიანი რაოდენობის( 7-პროცენტს).
ჭადრების გადაბელვა და მათი მომიჯნავედ გადარგვა ჩვენი აზრით დიდ ტექნიკურ და ფინანსურ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება უდაოდ ითვალისწინებს არსებული ნარგავების ადგილმდებარეობის მცირე ცვლილებებს. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება ახალი დენდროპროექტით გამდიდრებული სარეკრეაციო სივრცის მოწყობას. ამრიგად წიწვოვანი და სხვა ჯიშის ხეები 100 პროცენტით ნარჩუნდება, ხოლო შედარებით ახლგაზრდა ჭადრების მცირე ნაწილი შეიცვლის ადგილმდებარეობას, ამასთანავე ტერიტორიას დაემატება მრავალი ახლი მცენარე და სხვადასხვა სახის მწვანე ნარგავი.

 


„სამასი არაგველის“ მემორიალთან შევქმენით სპორტული ზონა, სადაც განთავსდება სპორტული მოედნები. რეკრეაციული ზონის წყალთან მეტი დაახლოვების მიზნით უბან-უბან ჩავხსენით არსებული ქვის მოაჯირები და მტკვარზე დამატებითი კონსოლური ტერასებით გავაჩინეთ მდინარესთან ბუნებრივი ლანდშაფტური ბმები. ტერასების ზედაპირების მოწყობა იქნება ლანდშაფტურ-რელიეფური, შესაბამისი გამწვანებით და ბუნებრივ გარემოსთან მისადაგებული მასალებით.

 

 

კომენტარი