ამსტერდამი და მეტი

ამსტერდამი და მეტი

274
გაზიარება
Processed with VSCO with l6 preset

ძლივს მოვიცალე ჩემი ევრომოგზაურობის მეორე ქალაქზე სასაუბროდ. თუმცა, წინა პოსტში, როცა ბერლინზე ვწერდი, აღარ ვახსენე პოცდამი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით 40-50 წუთის სავალზეა. გააჩნია, რამდენად ადვილად გაერკვევით მატარებლების ხაზებში. მოკლედ, ჯერ პაწა პოცდამი და მერე ამსტერდამი.

სწორედ აქ ისხდნენ ჩერჩილი, ტრუმენი და სტალინი თავთავიანთი დელეგაციებით.

პოცდამი გერმანიის კაიზერების საზაფხულო რეზიდენცია იყო, ბერლინთან ახლოს. მისი არსებობის ისტორიაში კი ყველაზე დიდი მოვლენა ალბათ 1945 წელს ჩატარებული კონფერენცია იყო, რომელმაც მაშინდელი მსოფლიოს ბედი განსაზღვრა. პოცდამის კონფერენცია 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე სესილენჰოფის სასახლეში მიმდინარეობდა.

სულ სხვადასხვა მოყვანილობის საკვამურები აქვს სესილენჰოფს. საერთოდაც, ულამაზეს წალკოტში მდებარეობს ტბასთან ახლოს.

ფაქტობრივად, ამის გარდა ბევრი არც არაფერი მინახავს. ულამაზესი პატარა სასახლეა მდიდრული ბაღებით. სხვათა შორის, დიდად არ გამჩენია იმ კონფერენციის შეგრძნება, მსოფლიოს მაშინდელი ლიდერები რომ ატარებდნენ. მუზეუმი ამას დიდად ხაზს არ უსვამს. უფრო მის ისტორიულ წარმოშობაზეა აქცენტი – მეკლანბურგ-შვერინის ჰერცოგინია სესილია გერმანიის კაიზერ ვილჰელმ II-ის შვილის, პრინცი ვილჰელმის მეუღლე იყო და სასახლეც მის პატივსაცემად აშენდა.

ბევრნაირი გზა არსებობს პოცდამში მოსახვედრად, მე ABC ბილეთი მქონდა ნაყიდი, რაც ბერლინში დიდ დისტანციებზე გადადგილების საშუალებას მაძლევდა, მათ შორის პოცდამში. ახლა გადავინაცვლოთ ქალაქში, რომელიც ადამიანის ყოვლისშემძლეობის სიმბოლოა.

ამსტერდამი

თვიდან რომ ჩავედი, კი გავოცდი და გავშრი მისი სილამაზისგან და უკლებლივ ყველა ხიდსა და არხზე გავლა მინდოდა, მაგრამ ქალაქის სულს ვერ ჩავწვდი. ჰოდა როგორ ვიქცევით ასეთ დროს? კი ბატონო, მივედი Dam Square-ზე (დამბის მოედანზე, ცენტრალურ ადგილს ასე ჰქვიან თურმე იქ) და სამიოდ საათში მეტ-ნაკლებად ყველაფერი დალაგდა.

მოკლედ, მე-12 საუკუნეში ამსტერდამი სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი რიგითი ბოგანო სოფელი, სადაც ხალხს მაგრად უჭირდა. ქვიშის არამყარ ხმელეთს ხან ზღვა რეცხავდა, ხან მდინარე ამსტელი (დაიმახსოვრეთ ეგ სახელი). ჰოლანდიის და ნაწილობრივ ბელგიის მხარეს დაბალ მიწას ანუ ნიდერლანდებს უწოდებდნენ სწორედ იმიტომ, რომ წყლით ადვილად იფარებოდნენ. ჰოდა, ერთხელაც, იმ ადგილების მცხოვრებლები ადგნენ და საკუთარი ბედის შეცვლა გადაწყვიტეს. გაითვალისწინეს რა, ის ფაქტიც, რომ სავაჭროდ ხელსაყრელ ადგილას ცხოვრობდნენ, დაახლოებით 1270 წელს ამსტელის მდინარეზე ადგილობრივებმა დამბა ააშენეს. ამით ხმელეთის დატბორვა შემცირდა, რამაც ვაჭრებს საშუალება მისცა, პატარ-პატარა კუნძულებზე თავიანთი სახლები დაედგათ. ასე დაიბადა ქალაქი ამსტელის დამბასთან, რომელსაც დღეს ამსტერდამი ჰქვიან.
ყველაფერი, რაც ისტორიულ ამსტერდამში მომხდარა, ზუსტად ამ დალოცვილი წამოწყებიდან მომდინარეობს. ქვიშას სახლები რომ არ წაეღო, მორებით შემოღობეს და გაამაგრეს, ხოლო სავაჭრო ნავები ქალაქში კარგად რომ შემოსულიყო, არხები გაიყვანეს. ამ ყველაფერმა კი არნახული სარგებელი მოიტანა. ჩრდილოეთის მიყრუებულ-გადარეცხილი სოფელი სავაჭრო ცენტრად გადაიქცა. სახლებიც შესაფერისი გახდა, ლამაზი და მდიდრული. 1602 წელს აქ შეიქმნა მსოფლიოში პირველი საფონდო ბირჟა! ჩვენ ამ დროს იმას ვარკვევდით, გიორგი სააკაძე ჩვენს მხარეს იყო თუ სპარსელებისკენ. მე-19 საუკუნემდე ჰოლანდია ვაჭრების რესპუბლიკა იყო, მონარქია ლუქსემბურგის ჰერცოგ ვილჰელმ I-დან იწყება და არის თავისთვის.

აბა, თუ გამოიცნობთ, რატომაა ამსტერდამი ასეთი გარყვნილი. სანამ ფანტაზიისთვის ფრთები გაგიშლიათ, გეტყვით, რომ ეს ქალაქი იმდენადაა გარყვნილი, რამდენადაც თბილისი, უბრალოდ, ჩვენთან ეგ არ ჩანდა, იქ ჩანს. მოკლედ, ვაჭრების და მეზღვაურების ქალაქს როცა გემი მოადგებოდა, მასზე ვინ იყვნენ? მხოლოდ კაცები. თვეობით ზღვაში ნახეტიალებ კაცებს რა უნდოდათ? ქალები (კაცებიც ალბათ, მაგრამ სექსუალურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ შორი იყო). ჰოდა იმისთვის, რომ ყველა კაბიანისთვის არ გადაევლოთ და ქალაქის ღირსება ფეხქვეშ არ გაეთელათ, მეძავებმა იყოჩაღეს. სხვათა შორის, ეკლესიამაც შეუწყო ხელი ამ ყველაფერს: გამოყო ადგილი, სადაც სექსები შეიძლებოდა. ასე გაჩნდა წითელი ფარნების ისტორიული უბანი. ჰო, მართლა, ხელი არ წაგიცდეთ და იქ გამომდგარ ლამაზ-ლამაზ გოგონებს ფოტო არ გადაუღოთ, თორემ კარგად არ დამთავრდება თქვენი ამბავიო, აუცილებლად გაგაფრთხილებენ ამსტერდამში. ჰოლანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაუშვეს და გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით არ გადაშენებულან.

ბერლინივით იაფი არაა, მაგრამ რამდენიმე კუსკუსა და იაფიან ადგილს მაინც ნახავთ. მთავარია, რამდენი ხნით რჩებით, რომ მიაგნოთ. თუ 2-3 დღით ხართ, დაიკიდეთ, ერთხელ მოდიხართ ამ ქვეყანაზე.


ნავითაც გაისეირნეთ და ველოსიპედითაც. უფრო ველოსიპედს გირჩევთ, მსგავს თავისუფლებას იშვიათად იგრძნობთ, თუმცა წესები უნდა დაიცვათ და მოხვევამდე ხელი უნდა გაიშვიროთ. 3 საათი საკმარისია, 10 ევრომდე დაგიჯდებათ და ძალიან გეყოფათ. არ გირჩევდით გარისკვას და 24 საათით აღებას, რადგან თუ სადმე მიაბით და მოგპარეს, 400 ევროს გადაიხდით. 

ამინდზე არ იწუწუნოთ, აზრი არა აქვს. უბრალოდ, აგვისტოს და ნოემბრის ტანსაცმელიც წაიღეთ. ქოლგა არ დაგავიწყდეთ, დღეში ცხრაჯერ შეიძლება გაწვიმდეს. იქაც კი იყიდება, განა რამე, მაგრამ მაინც. ჰო, დე ვახთან (De Wag – სასწორი – შუასაუკუნეებისდროინდელი შენობაა, სადაც საქონელს წონიდნენ, ახლა კაფეა) და ოპერის წინ ყოველდღეა გარე ბაზრობა, ფლი მარკეტი და ათას საყვარელ რამეს ნახავთ საკმაოდ კარგ ფასად. კიმონოები ვნახე ძაან საყვარელი, მაგრამ ვინაიდან კიდევ 3 ქალაქი მქონდა მოსავლელი, ვეღარ გავრისკე. მოკლედ, რამე მაინც გამოიყოლეთ იმ ბაზრობიდან.

მუზეუმები: რეიკსმუზეუმი – რემბრანტთან მუხლი მოიდრიკეთ. ჰო, „ღამის მზვერავს“ კაპიტალური შესწავლა-რესტავრაცია უტარდება და ესეც კი სანახაობად აქციეს ჰოლანდიელებმა. ვან გოგის მუზეუმი დისნეილენდია. ცოტა იმედი გამიცრუა, რადგან იმდენი კომპიუტერული და რაღაცნაირი არტითაა გაფორმებული, შეიძლება, დაგავიწყდეს, რის სანახავად მიხვედი. მაგრამ ვან გოგი ისევ ის ვან გოგია.
მოკო მუზეუმი – ბენქსის უამრავი ორიგინალი არტი, ზოგი კედლიანად წამოღებული. საგანძურია!
ანა ფრანკის სახლი – არ ვიცი, 2 კვირით ადრე უნდა მეყიდა თურმე ბილეთი. მოკლედ, არ დაგავიწყდეთ ეგ. დანარჩენი ადგილზეც არაა პრობლემა.
ვან გოგის მუზეუმი გადაამოწმეთ მაინც წინასწარ.
და ბოლოს კონცერტხებაუ – ნიდერლანდების სამეფო ორკესტრი (ზედა სამი მუზეუმის უკანაა ზუსტად), აუცილებლად დაესწარით რამეს. მსგავსი აკუსტიკა ვენის შტაატსოპერაშიც არ მახსოვს. ზე ორკესტრი!
მოკლედ, ასეთია ამსტერდამი. საქმიანი, მოხდენილი, გემოვნებიანი, ყველას მიმართ ტოლერანტული, ყოველთვის იცის საკუთარი თავის და ადამიანის შესაძლებლობების ფასი. ტყუილად არაფერს მოგცემს, უნდა დაიმსახურო. ბოლოს და ბოლოს, მისმა დამფუძნებლებმა ეს მიწა წყალს გამოსტაცეს და ისე დააფუძნეს, ასე რომ, სილამაზის, გათობისა და დროსტარების ეს ადგილი ძალიან მშრომელი ადამიანების დამსახურებაა.

ავტორი: ზურა ბალანჩივაძე
http://zurriuss.ge

კომენტარი