ამ კონკურსით პროექტები მხოლოდ კონცეფციების დონეზე შეფასდება – მამუკა სალუქვაძე

ამ კონკურსით პროექტები მხოლოდ კონცეფციების დონეზე შეფასდება – მამუკა სალუქვაძე

245
გაზიარება

ქალაქის ხელმძღვანელობა ვახტანგ გორგასლის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციად სამი კომპანიის პროექტს განიხილავს. კონკურსანტების წარდგენილი იდეები დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ უკვე შეაფასა, თუმცა კონკურსის შედეგი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და ჟიურის ერთ-ერთი წევრი მამუკა სალუქვაძე „სითი კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, კონკურსი გორგასლის ქუჩის დეტალურ პროექტირებას არ ითვალისწინებს და წარმოდგენილი პროექტები მხოლოდ ტერიტორიის განვითარების კონცეფციას გულისხმობს. დეტალური დაგეგმარების შესახებ თბილისის განვითარების ფონდი კონკურსს ან ტენდერს მოგვიანებით გამოაცხადებს.

სალუქვაძის განმარტებით, კონკურსი მხოლოდ ბულვარის მოწყობას არ გულისხმობს და მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ნამუშევრები, ფაქტობრივად, ქალაქგეგმარებითი პროექტებია.

„საინტერესო იყო, რომ სამივე პროექტმა სხვადასხვანაირად გვანახა არა მხოლოდ ბულვარის მოწყობის საკითხი, არამედ სატრანსპორტო გადაწყვეტები, რომელთაც მთავარი ადგილი უჭირავთ. სანაპიროზე, ისევე, როგორც მთელი თბილისის გასწვრივ, სამანქანო გზა გადის.  ქალაქი მდინარისგან სწორედ სამანქანო გზებითაა გამოყოფილი, ამიტომ საინტერესო გადაწყვეტები იყო მოსაფიქრებელი, თუ როგორ უნდა მიახლოებოდა ბულვარი მდინარეს. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება სანაპიროზე ავტოტრანსპორტის მოძარაობის შეზღუდვა და ეს სამივე კონკურსანტმა გაითვალისწინა. ჟიურის წევრებმა კონკურსანტებს კიდევ დამატებით რეკომენდაციები მივეცით. ვნახოთ, როგორი იქნება შედეგი და რომელი მათგანი გაიმარჯვებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეაა და სამომავლოდ დასაზუსტებელი იქნება. გარდა ამისა, დეტალური პროექტი, რომელსაც მომავალ კონკურსში გამარჯვებული შეიმუშავებს, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმ ახალ სატრანსპორტო სქემასაც, რომელსაც მალე „სისტრა“ წარადგენს”, – აცხადებს მამუკა სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ მდინარის და ქალაქის დაკავშირება სწორედ „სითი ინსტიტუტი საქართველოს” მიერ, ორგანიზაციის ავტორობით შემუშავებული ქალაქის მთავარი დოკუმენტით, გენგეგმით იყო ინიცირებული.


კონკურსში მონაწილე სამივე კომპანიის პროექტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე👇

გორგასლის ქუჩის განვითარების სამი კონცეფცია – მიმდინარეობს განხილვა

 

კომენტარი