2 სექტემბერს ლელა თათარაიძისა და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლის კონცერტი გაიმართება

2 სექტემბერს ლელა თათარაიძისა და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლის კონცერტი გაიმართება

63
გაზიარება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე ლელა თათარაიძე და ბერელიძეების საოჯახო ანსამბლი კონცერტს გამართავს.  ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, კონცერტი კამპანიის „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდება  და შესრულდება თუშური და რაჭული ხალხური სიმღერები.

ლელა თათარაიძე მსმენელმა თუშური სიმღერების გარმონზე გამორჩეულად შესრულების, განუმეორებელი ხმის გამო შეიყვარა. ის არაერთი ჯილდოსა და ოქროს მედლის მფლობელია. ბევრი სიმღერისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორმა ყველასთვის დაუვიწყარი თუშური მელოდიები დაამუშავა. მონაწილეობდა საფრანგეთში, ქალაქ დისა და მონპელიეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. არჩეულია ქალაქ დომ-რემის საპატიო მოქალაქედ.

ლელა თათარაიძეს გამოცემული აქვს: სოლო გრამფირფიტა „ვერცხლის – თასამდაც მაქცია“; ლაზერული დისკები – „დილის ჯანღი“ და „სამციხის ღამე“. ამჟამად ხელმძღვანელობს კვარტეტ „კესანეს“.

ბერელიძეების საოჯახო ანსამბლს მრავალწლიანი ისტორია აქვს. ოჯახი რაჭაში, სოფელ საკაოში ცხოვრობს. იხსენებენ, რომ დიდი ბაბუების დროიდან ტრადიცია იყო, ოჯახის ყველა წევრს ემღერა. ლევან ბერელიძე ტრადიციის გამგრძელებელია. მან ნიკორწმინდის ეპარქიაში მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,ნიკორწმინდა” ჩამოაყალიბა. ასევე, მუშაობს ფოლკლორის ცენტრის ამბროლაურის სალოტბარო სკოლის რეგენტად. მისი თქმით, სიმღერის სიყვარული ბებიამ და მამამ ასწავლა. დედა, მამა, მეუღლე, შვილები, ძმა, ძმის ოჯახი – მათ ოჯახში ყველა მღერის.

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 30 სექტემბრის ჩათვლით წარმოდგენილი იქნება ფოტოები, ტრადიციული სამოსის ნიმუშები, სამუზეუმო ექსპონატები, ნაქარგობები, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსისა და თექის ნიმუშები.

კომენტარი