პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე TBILISI PIANO FEST გაიხსნება

პირველ სექტემბერს ორბელიანის მოედანზე TBILISI PIANO FEST გაიხსნება

102
გაზიარება

დედაქალაქის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში პირველი საფორტეპიანო ფესტივალი – TBILISI PIANO FEST ჩატარდება.

პირველიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე უმასპინძლებს. გახსნის ღონისძიება პირველ სექტემბერს, 16:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

კონცერტზე დასწრება უფასოა და მას ცნობილი ესტონელ-ამერიკელი დირიჟორი კრისტიან იარვი წარუძღვება. სოლისტია დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც „ჯორჯიან სინფონიეტასთან“ ერთად, ბახის, ყანჩელისა და კრისტიან იარვის ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში მონაწილეობას ასევე, მიიღებს ესტონელი DJ სანდერ მოელდერი. პირველ სექტემბერს, 20:00 საათზე კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კარი იხსნება  პირველი საფესტივალო საღამოსთვის, რომლის ფარგლებშიც, ნიუ იორკელი პიანისტი ჯეფრი სუონი ქართველ მსმენელს ვაგნერის შემოქმედებას გააცნობს.

TBILISI PIANO FEST-ის ფარგლებში მსმენელის წინაშე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე  პიანისტები წარდგებიან. სპეციალურად ფესტივალისთვის ფორტეპიანოების ერთ-ერთმა წამყვანმა გერმანულმა მწარმოებელმა – BECHSTEIN, რომლის სარეკლამო სახეც ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილია, საქართველოში ექვსი საკონცერტო როიალი ჩამოიტანა.

ფესტივალის ბილეთები biletebi.ge-სა და „ბიბლუსის“ სალაროებში იყიდება. ყოველი საფესტივალო დღის 15:00 საათზე ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ღია მასტერ-კლასები გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერი მსურველისთვის  უფასო იქნება. ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები.

კომენტარი