ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

93
გაზიარება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

ამ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობას ასრულებს. ასევე, მიმდინარეობს ასფალტის ძველი საფარის  დემონტაჟი, ბორდიურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები.

„პროექტის ყველაზე მძიმე ეტაპი – მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა, მთლიანად დასრულებულია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალარინების სისტემა სრულად განაახლა. როდესაც სამუშაოები დაიწყო, მიწისქვეშა კომუნიკაციები მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის განხორციელების დროს, წყლის მიწოდების შეზღუდვისას, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება გვიწევდა, რამაც, რა თქმა უნდა, პროექტის ვადების ცვლილება გამოიწვია. ახლა ყველაზე მთავარი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებია, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, რათა მგზავრებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული იყოს. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება და დამონტაჟდება LED განათების სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე, დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გულია გოცირიძე და ოთარ გრიგოლია გაეცნენ.

კომენტარი